მეხუთე საფეხური
» განძის კუნძული (ნაწყვეტი #7)

განძის კუნძული (ნაწყვეტი #7)

ხეს ამოფარებული უცნობი ფრთხილად მადევნებდა თვალს. როგორც კი მისკენ გავემართე, ხეს მოშორდა და ჩემკენ წამოვიდა. ბოლოს, ჩემდა გასაოცრად, მუხლებზე დაეცა და ერთმანეთს გადაჭდობილი ხელები ვედრებით გამომიწოდა.

ამან დამაბნია და შევჩერდი.

- ვინა ხარ? - ვკითხე.

- ბენ განი, - მომიგო მან, - მე საწყალი ბენ განი ვარ, სამი წელია ადამიანისთვის ხმა არ გამიცია!

ახლა შემეძლო გამერჩია, რომ ისიც ჩემსავით თეთრკანიანი ადამიანი იყო და სანდომიანი სახეც ჰქონდა. კანი, სადაც უჩანდა, მზით ისე გარუჯოდა, რომ ბაგეებიც კი ჩაშავებოდა. გამურულ სახეზე უცნაურად უელავდა ცისფერი თვალები. ხომალდის ძველი აფრის ნაფლეთები და მეზღვაურის დაკონკილი სამოსი ეცვა. წელზე სპილენძისბალთიანი ძველი ტყავის ქამარი ერტყა, რომელიც მის მოკაზმულობაში ერთადერთი მთელი საგანი იყო.

- სამი წელიწადი! - გავოცდი მე, - გემი ჩაგეძირათ?

- არა, მეგობარო, - მითხრა მან, - ამ უკაცრიელ კუნძულზე გადმომსვეს!

ასეთი ამბებისთვის მეც მქონდა ყური მოკრული. მეკობრეები საკმაოდ ხშირად ხმარობდნენ დასჯის ამ საზარელ წესს - დამნაშავეს რომელიმე უკაცურ და შორეულ კუნძულზე გადასვამდნენ ტყვია-წამლის მცირეოდენი მარაგით.

- სამი წლის წინათ გადმომსვეს, - განაგრძო მან, - და მას შემდეგ თხის ხორცით, კენკრითა და ხამანწკათი ვიკვებები, სადაც უნდა მოხვდეს კაცი, თავს გაიტანს, მაგრამ მეგობარო, იცი, როგორ მენატრება ადამიანური საჭმელი?! ეგებ შემთხვევით ყველის პატარა ნაჭერი გქონდეს სადმე. ჰა? არა? ოჰ, რამდენჯერ დამსიზმრებია ყველი...

- თუ კვლავ გემზე მოვხვდი, მთელ თავ ყველს მოგცემ, - დავაიმედე მე.

რამდენიმე წამის შემდეგ მკითხა:

- რა გქვია მეგობარო?

- ჯიმი.

- მისმინე, ჯიმ, მე ფლინტის გემზე ვიყავი, როცა მან განძი მიწაში ჩაფლა. ჰოდა, სამი წლის შემდეგ, სხვა გემზე რომ ვიყავი, ეს კუნძული დავინახეთ, ბიჭებო,  ვუთხარი თანამგზავრებს, - აქ ფლინტის განძია დაფლული. მოდით, გადავსხდეთ ნაპირზე და ვიპოვოთ-მეთქი. კაპიტანს დიდად არ ეჭაშნიკა, მაგრამ ჩემს ამხანაგებს ჭკუაში დაუჯდათ და გადმოვსხედით. თორმეტ დღეს ეძებეს და დღე და ღამე სულ უფრო და უფრო უმატებდნენ ჩემს ლანძღვას, სანამ, ერთ მშვენიერ დილას, ყველანი გემზე არ დაბრუნდნენ. შენ კი, ბენჯამინ გან, - მითხრეს მე, - აი, თოფი, ნიჩაბი და წერაქვი. ბრძანდებოდე აქ და შენთვის მონახე ფლინტის ფულებიო.

ჰოდა, ჯიმ, ასე აღმოვჩნდი ამ კუნძულზე!

განძის კუნძული

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი