მეხუთე საფეხური
» განძის კუნძული (ნაწყვეტი #5)

განძის კუნძული (ნაწყვეტი #5)

მეზღვაურებმა გადაწყვიტეს, მეც წავეყვანე განძის კუნძულის მოსაძებნად. ზღვაში გასვლისათვის სამზადისს გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ვვარაუდობდით. მე საათობით ჩავკირკიტებდი რუკას და მისი ყოველი წვრილმანი კარგად ჩავიბეჭდე მეხსიერებაში. ცეცხლის პირას მიმჯდარი ოცნებაში ყველა შესაძლო მხრიდან მივდგომივარ განძის კუნძულს. ათასჯერ ავსულვარ იმ მაღალ მწვერვალზე, ჭოგრიტი რომ ეწოდებოდა, და მის თხემზე გადმომდგარი ვტკბებოდი განსაცვიფრებელი, ნაირფერი სანახაობით. კუნძული ხან ველურებით იყო სავსე, რომელთაც ვებრძოდით, ხან - ნადირებით.

 

გემი კარგი გამოდგა, ეკიპაჟი გამობრძმედილი მეზღვაურებისაგან შედგებოდა, კაპიტანსაც საფუძვლიანად ესმოდა თავისი საქმე, ასე განებივრებული ეკიპაჟი არც ერთ გემს არ ღირსებია. ყოველ გამორჩეულ დღეს - მაგალითად, მაშინ, როცა მზარეული ყურს მოჰკრავდა, რომელიმეს დაბადების დღეაო - ღვეზელით გვიმასპინძლდებოდა; ხოლო გემის შუაგულში მუდამ ვაშლით სავსე კასრი იდგა და ვისაც ნებავდა, შეეძლო პირი გაესველებინა.

 

სანამ კუნძულს მივაღწევდით, ასეთი ამბავი მოხდა: ჩვენი გათვლებით, ეს იყო მგზავრობის ბოლო დღე. იმ ღამეს, ან მეორე დღის შუადღემდე მაინც, თვალი უნდა მოგვეკრა განძის კუნძულისათვის. ზღვა მშვიდი იყო. „ისპანიოლა“ მშვიდად მიიწევდა წინ. მეზღვაურებიც ჩინებულ ხასიათზე იყვნენ.

 

ჰოდა, სწორედ მზის ჩასვლის შემდეგ, როცა საქმეები მოვათავე და დასაძინებლად ვემზადებოდი, ვაშლი მომინდა. ავირბინე გემბანზე. იქ სრული სიწყნარე იყო. გუშაგი სულ წინ იცქირებოდა კუნძულის დანახვის მოლოდინში.

 

კასრში ჩავძვერი და ვნახე, რომ ერთი ვაშლიც აღარ დარჩენილიყო. სანამ გულდაწყვეტილი იქ სიბნელეში ვიჯექი, წყლის შხუილსა და გემის რწევაში ჩამთვლიმა, რომ ვიღაც კაცმა ზღართანი მოადინა იქვე ახლოს. კაცმა ლაპარაკი დაიწყო. ეს სილვერის ხმა იყო, ათიოდე სიტყვაც არ მქონდა მოსმენილი, რომ უკიდურესი შიშის ზარითა და ცნობისმოყვარეობით აცახცახებული მივწექი და ყური მივუგდე. იმ ათიოდე სიტყვიდანაც მივხვდი, რომ გემბანზე მყოფი ყველა პატიოსანი კაცის სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული. 

განძის კუნძული

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი