მეხუთე საფეხური
» განძის კუნძული (ნაწყვეტი #3)

განძის კუნძული (ნაწყვეტი #3)

შუადღისას კაპიტნის ოთახში შევედი და წამალი შევუტანე.

კაპიტანმა მიამბო, რომ „შავი ძაღლი“ და სხვა მეკობრეები ძალიან საშიშები იყვნენ.

- თუ ვერ მოვახერხე აქედან თავის დაღწევა და შავი ნიშანი მომართვეს, გახსოვდეს, რომ ძველ საზღვაო ზანდუკზე უჭირავთ თვალი, - მითხრა კაპიტანმა.

მეორე დღეს თვალი მოვკარი უსინათლო კაცს. იგი ფუნდუკიდან ცოტა მოშორებით შედგა. მე ხელი გავუწოდე და ფუნდუკში შევიყვანე.

- კაპიტანთან შემიყვანე, - მიბრძანა მკაცრად.

თქვა და თან ისე დამიგრიხა მკლავი, რომ შევკივლე. ჩემს დღეში არ მსმენია ამაზე ბოროტი, ცივი და საზიზღარი ხმა. უსინათლო კაპიტანს მიუახლოვდა და ხელისგულში რაღაც ჩაუდო.

- ახლა საქმე გაკეთებულია, - თქვა უსინათლომ და დაუჯერებელი სიცქვიტით გავარდა სასტუმრო ოთახიდან.

კარგა ხანმა განვლო, სანამ მე ან კაპიტანი გონს მოვიდოდით. მან დაკვირვებით წაიკითხა წერილი.

- ათი საათი! მანამდე კიდევ ექვსი საათია! - შესძახა უცებ და იატაკზე დაეცა.

რასაკვირველია, მაშინვე ვუამბე დედას ყველაფერი, რაც კაპიტანმა მითხრა. ორივე მივხვდით, რა სახიფათო მდგომარეობაში ვიყავით. კარი ურდულით გადავრაზე და უსინათლოს მიერ მოტანილი „შავი ნიშანი“ წავიკითხე. ეს იყო მოკლე უწყება: „საღამოს ათ საათამდე გეძლევა ვადა“.

მე და დედაჩემი დაუყოვნებლივ ავედით ზემოთ, პატარა ოთახში, სადაც კაპიტანი იძინებდა ხოლმე. სწორედ იქ იდგა ზანდუკი. ზანდუკიდან ფრთხილად ამოვიღე პატარა წიგნაკი და კონვერტი.

სწორედ ამ დროს, მოყინულ გზაზე უსინათლოს ჯოხის კაკუნი მოისმა. გავიტრუნეთ. ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა.  მერე ვიღაცამ ფუნდუკის კარს მოუკაკუნა მჭახედ. ახლა კი უეჭველად დავიღუპეთ-მეთქი, გამიელვა თავში.

- დედა, გავიქცეთ! - ვუთხარი დედას.

სოფლამდე ნახევარი გზაც არ გვქონდა გავლილი, ფეხის ხმა მოგვესმა. ეტყობა, მორბოდნენ.

მე და დედამ პატარა ხიდამდე მივაღწიეთ და ხიდის ქვეშ დავიმალეთ.

განძის კუნძული

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი