მეხუთე საფეხური
» განძის კუნძული (ნაწყვეტი #2)

განძის კუნძული (ნაწყვეტი #2)

სუსხიანი ზამთარი იდგა, სასტიკი ყინვებით და მძაფრი ქარებით.

კაპიტანი ჩვეულებრივზე ადრე ადგა და გზას ზღვის ნაპირისაკენ გაუყვა. მისი ზღვაოსნის დაშნა ძველი ლურჯი ხიფთანის განიერ კალთებში მიქანაობდა. იღლიაში ჭოგრიტი ამოედო, ქუდი კი კინკრიხოზე მოექცია.

მე საუზმეს ვუშლიდი კაპიტანს, როცა სასტუმრო ოთახში ვიღაც უცნობი შემოვიდა. მარჯვენა ხელზე ორი თითი აკლდა და, მართალია მახვილი ეკიდა, მოჩხუბარს არ ჰგავდა.

კაცი მაგიდას მიუჯდა და მანიშნა, ახლოს მოდიო.

- ეს სუფრა ჩემი ამხანაგი ბილისთვისაა გაშლილი? - მკითხა და რაღაც ალმაცერად გადმომხედა.

მე ვუთხარი: თქვენს ამხანაგ ბილს არ ვიცნობ; ეს სუფრა ჩემი მდგმურისთვის გავშალე, რომელსაც კაპიტანს ვეძახით-მეთქი.

- ეს თქვენი კაპიტანი ამ სახლშია? - მკითხა უცნობმა.

მივუგე, სასეირნოდაა გასული-მეთქი.

უცნობი ფუნდუკიდან გარეთ არ ადგამდა ფეხს, იჯდა და კაპიტანს ელოდა. ბოლოს კაპიტანმაც შემოალაჯა და უცნობის დანახვაზე ისეთი კაცის იერი დაედო, რომელსაც აჩრდილი, ანდა რაიმე უარესი გამოეცხადა. და, გეფიცებით, გულში შემეცოდა, ასე უცბად რომ დაძაბუნდა.

- აბა, ბილ, ხომ მიცანი? - უთხრა უცნობმა.

- „შავი ძაღლი!“ - შესძახა მან,  - აბა, ამოყაჭე, რა გნებავს?

- აი, ეგრე, ბილ, - გაიხარა „შავმა ძაღლმა“, - დავსხდეთ, გეთაყვა, და გულახდილად ვიჭუკჭუკოთ, როგორც ძველ ამხანაგ მეზღვაურებს შეეფერება.

მე დავტოვე მეზღვაურები და სამზარეულოში გავედი. ხმადაბალი ბურტყუნის მეტს დიდხანს ვერაფერს მოვკარი ყური, მაგრამ ბოლოს ხმას აუწიეს და საშინელი აყალმაყალი ატყდა. „შავი ძაღლი“ გარეთ გავარდა და თვალის დახამხამებაში მიეფარა არემარეს. კაპიტანი ერთხანს გაოგნებული იდგა, შემდეგ კი მკაცრად მიბრძანა, - ჯიმ, რომი!

რომის მოსატანად რომ გავიქეცი, სასტუმრო ოთახიდან მძიმე ბრაგვანის ხმა მომესმა. რომ შემოვვარდი, კაპიტანი იატაკზე დამხვდა გაშხლართული.

ამ დროს, ბედზე, კარი გაიღო და ექიმი ლივსი შემოვიდა.

- ოჰ, ექიმო, რა გვეშველება? მგონი დაჭრილია! - შევძახეთ მე და დედაჩემმა.

- დაჭრილი? სისულელეა! - თქვა ექიმმა, - დამბლა დასცემია, - აკი ვაფრთხილებდი,  რომის სმას შეეშვით-მეთქი! 

მე და ექიმმა კაპიტანი დიდი ვაი-ვაგლახით ავიყვანეთ ზემოთ და ლოგინზე დავაწვინეთ.

განძის კუნძული

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი