მეოთხე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ვულკანები და გეიზერები)

პლანეტა დედამიწა (ვულკანები და გეიზერები)

უძველესი დროიდან აშინებდა ადამიანს ცეცხლისმფრქვეველი მთები. ბევრი მათ ღმერთთა ადგილსამყოფელად მიიჩნევდა, რომლებიც რისხვას ცეცხლოვანი ამოფრქვევით გამოხატავდნენ. ადამიანები ცდილობდნენ, მათი რისხვა მსხვერპლშეწირვით ჩაეცხროთ. წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულების ზოგიერთი მკვიდრი დღესაც სწირავს მსხვერპლად ყვავილებს, თამბაქოსა და ხილს ქალღმერთ პელეს, რომელიც, მათი წარმოდგენით, კილაუეა-ვულკანთან ერთად ცხოვრობდა გამდნარი ქანებისაგან წარმოქმნილ დიდ ცეცხლოვან ტბაში.

 

ძველი ბერძნები და რომაელები ოდითგანვე აკვირდებოდნენ ვულკანურ მთებს და ჰეფესტოსის მიწისქვეშა ცეცხლოვანი სახლის კვამლსადენი ეგონათ. ჰეფესტოსი, რომელსაც რომაელები ვულკანუსს ეძახდნენ, ცალთვალა გოლიათის, ციკლოპის დახმარებით ღმერთებისთვის იარაღსა და აბჯარს ჭედდა. ზოგჯერ, როცა ჰეფესტოსი ბრაზობდა, საკვამლე მილიდან გავარვარებულ ქვებსა და ცეცხლს აფრქვევდა.

 

შემდგომში სწავლულები შეეცადნენ, ცეცხლისმფრქვეველი მთები და მიწისძვრები ღმერთებთან კავშირის გარეშე აეხსნათ. მათ სწამდათ, რომ მიწის სიღრმეში გიზგიზებს უზარმაზარი ცეცხლი.

 

ვულკანების მსგავსად შთამბეჭდავი სანახავია გეიზერები, ცხელი წყალი, რომელსაც მიწისქვეშა წყაროები მოულოდნელად ამოტყორცნის. ასეთი გეიზერის ნახვა დაუვიწყარ განცდას იწვევს. თავიდან წყარო მხოლოდ თუხთუხებს, ორთქლის ცალკეული ბუშტუკები მაღლა ამოდის. შემდეგ წყალი თაღივით მრგვალდება, საიდანაც ძლიერი შიშინითა და ხმაურით თეთრი ორთქლი და წყლის სვეტი მეტრობით სიმაღლემდე ამოიტყორცნება. ასეთი შადრევნები, ჩრდილოეთ ამერიკის გარდა, ახალ ზელანდიასა და ვულკანურ კუნძულ ისლანდიაზეც არსებობს.

 

გეიზერების მამამთავრად „დიდი გეიზერი“ ითვლება, რომელიც ისლანდიაში, გეიზერის ველზე, ჰაუკალადურზე მდებარეობს (აქედან წარმოიშვა სახელწოდება გეიზერი). მაგრამ ის, უკვე მრავალი წელია, მოქმედი აღარ არის - მას „სძინავს“. არავინ იცის, რატომ და რამდენ ხანს გაგრძელდება ასე. 

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: