მეოთხე საფეხური
» პლანეტა დედამიწა (ყავის ხე)

პლანეტა დედამიწა (ყავის ხე)

ყავის ხე ათ მეტრამდე იზრდება. მისი სიგანე კი ოთხი გოჯია. ყავის ხეს მოგრძო ტოტები და მწვანე ფოთლები აქვს. ფოთლებთან ჯგუფ-ჯგუფად გამოსდის პატარა, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები. მისი ყვავილები სამ-ოთხ დღეზე მეტს ვერ ძლებს. მაგრამ ხე თითქმის მთელ წელიწადს ყვავის: როცა ერთ ტოტს ყვავილი სცვივა და ნაყოფი ჩნდება, ამ დროს სხვა ტოტებზე ახალი ყვავილი იშლება. ყავის ხე ისხამს მუქ წითელ ნაყოფს, რომელიც ძალიან ჰგავს ალუბალს. ყველა ნაყოფში ორი რბილი კურკაა. აი, სწორედ ეს კურკები არის ყავა. ყავის ხის ნაყოფიდან ყავა მზადდება. რადგანაც მთელი ხე ერთ დროს არ ჰყვავის და არ მწიფდება, ამიტომ ყავას ერთბაშად არ კრეფენ: ჯერ კრეფენ იმ ტოტებს, რომლებზედაც ნაყოფი ადრე მწიფდება, მერე - სხვებს. კურკებს ნაყოფის გულიდან იღებენ, მზეზე შლიან და ახმობენ. გამხმარ კურკებს ფქვავენ და ხარშავენ სასმელად.

 

ცხელი ქვეყნების ხალხი ყავას დიდი ხანია მოიხმარს. ყავის სამშობლო არაბეთია. არავინ იცის, პირველად ვინ მიხვდა, რომ ყავისგან უგემრიელესი სასმელი მზადდებოდა. ამ ამბავზე არაბებს ასეთი  არაკი აქვთ: ერთი მეცხვარე ერთსა და იმევე მთაზე აძოვებდა ცხვარს. ამ მთის წვერზე იდგა ერთი ბუჩქი. თხები ხშირ-ხშირად ეტანებოდნენ ბუჩქს და მის ფოთლებს კორტნიდნენ. ისინი მთელი დღე მხიარულად ხტოდნენ, არ იღლებოდნენ და დასასვენებლადაც არ წვებოდნენ. მეცხვარემ ეს შეამჩნია და თვითონაც შეჭამა ამ ბუჩქის ფოთლები. მასაც სიმარდე მოემატა. ეს ცხვრის ფარა ღვთისმოყვარე მეუდაბნოეების იყო. მეცხვარემ ურჩია სიფხიზლისთვის  მათაც ეჭამათ იმ ბუჩქის ფოთლები. მეუდაბნოეებმა მართლაც დააგემოვნეს ფოთლები და თავი მხნედ და ენერგიულად იგრძნეს. მოგვიანებით მოხალული ნაყოფის წვენიც გასინჯეს, რაც ძალიან მოეწონათ. მეუდაბნოეებისგან ყავის კეთება სხვებმაც ისწავლეს.

პლანეტა დედამიწა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: