უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #4)
- მი, - თქვა ბებიამ, - რამდენჯერ მითქვამს, წადი და კარი გააღე, როცა აკაკუნებენ - მეთქი! რატომ დააფინე ხალიჩა კართან? როდის მოვისვენებ, ნეტავ, შენს ხელში.
ბებია ძალიან მოხუცი და საშინლად ბრაზიანი იყო. დიდი, თეთრი ღამის პერანგი ეცვა. ოთახი გადაჭრა, შემოსასვლელი კარი გამოაღო და თქვა:
- საღამო მშვიდობისა.
- საღამო მშვიდობისა, - მიუგო ჰომზას მამამ, - უკაცრავად, რომ გაწუხებთ. შემთხვევით ჩემი შვილი ხომ არ გინახავთ, შუათანა...
- ტახტის ქვეშაა, - დაიყვირა პატარა მიმ.
- გამოდი, - უთხრა მამამ ჰომზას, - შენზე აღარ ვბრაზობ.
ჰომზა ტახტის ქვეშიდან გამოძვრა. არც მის შეხედა, არც - ბებიას, კიბეზე ჩაირბინა და სიბნელეს შეერია. მამა ხმაამოუღებლად მიჰყვებოდა გვერდით.