მეოთხე საფეხური
» კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #6)

კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #6)

მუმინტროლმა დილაადრიან გაიღვიძა. ჯერ ვერ მიხვდა, სად იყო. ნახევრად ჩაბნელებულ გამოქვაბულში ნავთის სუნი იდგა. უცებ ყველაფერი გაახსენდა და წამოჯდა. დანარჩენებს ჯერ ისევ ეძინათ. ტროლი გასასვლელთან მიიპარა, ნელა გადასწია ფარდა და გარეთ გაიხედა. წითელი შუქი გამქრალიყო. ცას ფერი დაბრუნებოდა. სრული სიჩუმე იდგა. მუმინტროლი გამოქვაბულიდან გამოვიდა და კლდეზე ჩამოჯდა. მეტეორიტი თათით ფრთხილად აიღო და კარგად დაათვალიერა. ქვა შავი, დაკბილული და ძალიან მძიმე იყო. მუმინტროლმა სანაპიროსა და დამშრალ ზღვას გადახედა. არემარე უფერული ეჩვენა. სამარისებური სიჩუმე იდგა. მუმინტროლს სულ ეგონა, სადმე უთუოდ უზარმაზარი უფსკრული გაჩნდება ან კიდევ ყველაფერი თავდაყირა დადგებაო, მაგრამ ახლა უკვე აღარ იცოდა, რა ეფიქრა, და ცოტა შეეშინდა.
– გამარჯობა, – გამოქვაბულიდან სნუსმუმრიკი გამოვიდა, მუმინტროლის გვერდით დაჯდა და ჩიბუხი გააბოლა.
– გაგიმარჯოს! – მიესალმა მუმინტროლი, – ნუთუ დედამიწის დაღუპვის მერე ყველაფერი ასე გამოიყურება? სიცარიელეა და მეტი არაფერი?
– დედამიწა არ დაღუპულა, – აუხსნა სნუსმუმრიკმა, – მე მგონი, კომეტამ მხოლოდ კუდი მოიქნია და ისევ უსასრულობაში გაფრინდა.

კომეტა მუმინების ხეობაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი