მეოთხე საფეხური
» ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #2)

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #2)

მერცხლების ეს ორი წყვილი უკვე საკმაოდ კარგად შევისწავლე და მათ ყოველდღიურ საქმიანობას დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი.
ის ორი მერცხალი, რომლებსაც დედლებად ვთვლიდი, საქციელით ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. უფრო გულმოდგინენი და მუყაითები იყვნენ, მეტად ფაციფუცობდნენ და ფორიაქობდნენ. ორ მამალს კი, პირიქით, სრულიად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. ერთ მათგანს ბუდის მოწესრიგების დროს შესანიშნავი მასალა მოჰქონდა, მაგრამ საქმეს სერიოზულად არ ეკიდებოდა. ხან დაბლა დაეშვებოდა და ყვავილებს გადაუქროლებდა, ხან ჰაერში რვიანებს ხაზავდა, ხან ვაზის სარებს შორის დაფრინავდა და დროს ტყუილუბრალოდ კარგავდა. ბუდეზე ჩამოკიდებული დედალი მერცხალი სასოწარკვეთილი უჭყიოდა თავის მეგობარს, მაგრამ იგი ქარაფშუტობას არ იშლიდა.
არც მეორე დედალი იყო თავისი მეუღლით კმაყოფილი, მაგრამ მისი უკმაყოფილება სულ სხვაგვარი იყო. მისი მეგობარი სწორედაც ზედმეტად მონდომებული გახლდათ. თავს არ ზოგავდა, ოღონდ თავისი შთამომავლებისათვის საუკეთესო ბუდე მოეწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, თვალის ზომა ღალატობდა. 

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯერალდ დარელი