მეოთხე საფეხური
» უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #1)

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #1)

- კი, გენაცვალე, რაც შენ გინდა, ის აკეთე! ბებიას ძველ პარკს გაჩუქებთ. ახლა იქ სამარისებური სიჩუმეა. იფუსფუსე შენთვის სიწყნარეში და გაერთე, როგორც გინდა. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს!

- გმადლობთ, - თქვა ჰემულმა და აიწურა, - თქვენ ყოველთვის კარგად მექცეოდით.

ნათესავების ხარხარმა და დაცინვამ თოჯინების სახლის აშენების სურვილი გაუქრო. კაცმა რომ თქვას, მთლად მათი ბრალიც არ იყო. ის კი არა, ძალიანაც დანაღვლიანდებოდნენ, ვინმეს რომ ეთქვა, თქვენ გამო ჰემულს გუნება წაუხდაო. უბრალოდ, ერთობ სახიფათოა შენი ყველაზე საიდუმლო ოცნების ნაადრევად გამხელა.

ჰემული ბებიასეული ძველი პარკისკენ გაემართა. პარკი უკვე მას ეკუთვნოდა. გასაღებიც ჯიბეში ედო.

მას აქეთ, რაც ბებიას ფოიერვერკის მოწყობისას სახლი დაეწვა და ოჯახთან ერთად სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, პარკი გამოკეტილი და ცარიელი იყო.

მას შემდეგ იმდენი დრო გავიდა, ჰემულს, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა გზის გაგნება.

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი