მეოთხე საფეხური
» ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #7)

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #7)

რა თქმა უნდა, ეს ამბავი სწორედ ლარიმ წამოიწყო. დანარჩენებს, ჩვენი ავადმყოფობის გარდა, სხვა რამეზე ფიქრის თავი არა გვქონდა. ლარი კი თვით განგებამ მოავლინა ქვეყანაზე პატარა, კაშკაშა ფოიერვერკად, რათა სხვებს ათასი სურვილი აუნთოს გულში, თვითონ კი სადმე მოკალათდეს, თავი მოიკატუნოს, და შედეგებზე პასუხი არ აგოს. იმ დღეს ლარი თანდათან იბოღმებოდა. ბოლოს ოთახს გაბრაზებული მზერა მოავლო და გადაწყვიტა, იერიში დედაზე მიეტანა, რადგან იგი ყველა უბედურების აშკარა მიზეზად მიიჩნია.
- რატომ ვაკვლევინებთ თავს ამ საზიზღარ კლიმატს? - იკითხა მოულოდნელად და სველ, ამღვრეულ ფანჯრის მინებს გახედა, - შეხედე! ახლა კი ჩვენ შემოგვხედე... მარგოს სახე ფაფასავით გაუფუვდა... ლესლის თითო ყურში თოთხმეტი საჟენი ბამბა გაურჭვია... და ოთახში დაბორიალობს... ჯერი ისე ლაპარაკობს, თითქოს მგლის ხახით დაბადებულიყოს... ახლა შენს თავს შეხედე! ყოველდღიურად უარესი და უარესი შესახედი ხდები. 
            

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯერალდ დარელი