მეოთხე საფეხური
» ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #6)

ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #6)

უცნობმა ბიჭმა თავისი გზით გასწია, თან მტვერს იბერტყავდა ტანისამოსიდან, თანაც სულ სლუკუნებდა და ხვნეშოდა. ხანდახან მოიხედავდა უკან, თავს დაუქნევდა და დაემუქრებოდა: - გადაგიხდი თუ ხელში ჩამივარდიო. ტომს ეცინებოდა და შინისკენ გახარებული მიდოდა, მაგრამ როგორც კი ზურგი შეაქცია, უცხო ბიჭმა ქვა სთხლიშა ბეჭებში და ისე მოჰკურცხლა, როგორც ანტილოპამ. ტომი გამოეკიდა ვერაგ მოპირდაპირეს, სახლამდის სდია და ამგვარად, გაიგო, სადაც ცხოვრობდა. პატარა ხანს ჭიშკართან მოუცადა და მტერს კარში იწვევდა საბრძოლველად; მაგრამ იგი ფანჯრიდან ეღრიჯებოდა, გარეთ გამოსვლა კი არ მოისურვა. ბოლოს, მტრის დედა გამოვიდა, ტომს ქუჩის ბიჭი, საძაგელი და უზრდელი უწოდა და გააგდო. ტომი გატრიალდა, მაგრამ დაემუქრა, ბრალი მაგისი, თუ ხელში ჩამივარდაო.

ტომი გვიან დაბრუნდა. ფრთხილად გადაძვრა ფანჯარაში, ცდილობდა, არ ეხმაურა; მაგრამ ფანჯარასთან დეიდა ჩასაფრებოდა. როცა დეიდამ დაინახა რა მდგომარეობაში იყო იმისი ტანისამოსი, გულში უფრო მტკიცედ გადაწყვიტა, მძიმე სამუშაო მიეცა მისთვის უქმე დღეს.

ტომ სოიერის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: მარკ ტვენი