მეოთხე საფეხური
» ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #10)

ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #10)

ტომი გამოვიდა სახლიდან. ხელში ეჭირა წყალში გახსნილი კირით სავსე ვედრო და გრძელტარიანი ჯაგრისი. როცა თვალი შეავლო მაღალ მესერს, იმწამსვე გაქრა სიხარული და მის გულს ღრმა მწუხარება დაეუფლა; ხუმრობა საქმე ხომ არ იყო ოცდაათი იარდის სიგრძისა და ცხრა ფუტის სიმაღლის მესერის გათეთრება?! სიცოცხლე უაზრობად და არსებობა მძიმე ტვირთად მოეჩვენა. ოხვრით დაასველა ჯაგრისი კირში და ზედა ფიცარს დაუწყო წასმა; რამდენჯერმე გაიმეორა და შეჩერდა. რა იყო ეს შეთეთრებული წვრილი ზოლი მესერის უსასრულო სივრცესთან შედარებით! დაღონებული იქვე ღობესთან ხის ძირას ჩამოჯდა. ამ დროს ეზოდან ხტუნვა-ხტუნვით და ღიღინით გამოვიდა ზანგი ჯიმი თუნუქის ვედროთი ხელში. წყლის მოტანა ქალაქის საერთო ჭიდან ტომს უმძიმეს საქმედ მიაჩნდა, მაგრამ ახლა სიამოვნებით შეასრულებდა ამ სამუშაოს. მას გაახსენდა, რომ ჭასთან მუდამ ბევრი ხალხი იყრიდა თავს: ზანგი, მულატი, თეთრკანიანი ბიჭები და გოგონები. უცდიდნენ თავიანთ რიგს, ჩხუბობდნენ, ერთმანეთს სათამაშოებს უცვლიდნენ, ჭიდაობდნენ, ერთობოდნენ. ისიც გაახსენდა, რომ თუმცა ჭა შორს არ იყო, სულ ასორმოცდაათი ნაბიჯი თუ იქნებოდა, მაგრამ ჯიმი თითქმის ყოველთვის იგვიანებდა მთელს საათს; უთუოდ ვინმე უნდა გაეგზავნათ მის დასაძახებლად. 

ტომ სოიერის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: მარკ ტვენი