მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #23)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #23)

მთელ ქალაქს მოედო ამბავი, მეფე მათიუში კაციჭამიების ქვეყანაში მიბრძანდებაო. დიდები სინანულით თავს აქნევდნენ, ბავშვებს კი საშინლად შურდათ.
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყდა, რომ მათიუშს გაჰყვებოდნენ ორმოცდაათი ენის მცოდნე პროფესორი და კაპიტანი.
ექიმი არ იცნობდა აფრიკულ სნეულებებს, ამიტომ სასწრაფოდ იყიდა სქელი წიგნი, სადაც ეს სნეულება იყო აღწერილი, და ჩემოდანში საჭირო წამლები ჩააწყო. ის იყო, გზას უნდა დასდგომოდნენ, რომ ერთი ინგლისელი მეზღვაური და ერთიც ფრანგი მოგზაური მათიუშთან მივიდნენ, თუ შეიძლება, ჩვენც წაგვიყვანეთო.
ბარგი ცოტა წაიღეს: იქ სათბილობლები არ სჭირდებოდათ და თანაც აქლემებს ბევრ სკივრს ვერ აჰკიდებდნენ.
იარეს, იარეს, იარეს და როდის-როდის ზღვის პირას გავიდნენ, მატარებლიდან გემში გადასხდნენ და ახლა ცურვით განაგრძეს გზა. კარგა ხანს მიცურავდნენ. უეცრად ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა. დიდსა და პატარას, ყველას ზღვის ავადმყოფობა დაემართა. ექიმმა პირველად მაშინ გამოიყენა თავისი წამლები, თან გაბრაზებული შესჩიოდა გემის კაპიტანს:
- ნეტავ რა ღმერთი გამიწყრა, მეფესთან მკურნალად რამ დამაყენა! მე რომ ჩვეულებრივი ექიმი ვყოფილიყავი, ვიჯდებოდი ჩემთვის კოხტა კაბინეტში და დროდადრო საავადმყოფოში ვივლიდი. ახლა კი, ჩემი დღე და მოსწრება ასე უნდა ვიწანწალო მთელ ქვეყნიერებაზე. დამეთანხმეთ, ჩემი ხნის კაცისთვის ეს ვერაფერი სიამოვნებაა.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი