მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #22)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #22)

მათიუში სტასეკთან და ელენკასთან ერთად დროს შესანიშნავად ატარებდა: ბანაობდნენ, ნიჟარებს აგროვებდნენ, ქვიშის სასახლეებს, ციხესიმაგრეებსა და სანგრებს აშენებდნენ. მოესურვებოდათ, ნავით გაისეირნებდნენ, თუ ზღვაზე არ უნდოდათ, ცხენებიც მზად ჰყავდათ. ზოგჯერ კი ტყეში მიდიოდნენ და კენკრას კრეფდნენ, ან არადა სოკოს ახმობდნენ.
სტასეკი და ელენკა სულითა და გულით შეუყვარდა. ორივენი კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი ბავშვები იყვნენ, მათიუშს თითქმის არასოდეს არ ეჩხუბებოდნენ, ან ძალიან იშვიათად წაკინკლავდებოდნენ და მალევე შერიგდებოდნენ ხოლმე. ერთხელ მათიუშს და ელენკას სოკოზე მოუვიდათ ჩხუბი. დიდი თეთრა სოკო იყო. მათიუში ამბობდა, მე პირველმა დავინახეო, ელენკა ეუბნებოდა, შენ კი არა, მე დავინახეო. მათიუშს იქნებ დაეთმო კიდეც, - დიდი ამბავი, ერთი სოკო რა არის, თანაც, მეფისთვის, - მაგრამ გაბრაზდა, კვეხნა და ტყუილის თქმა რა საკადრისიაო.
- სოკო რომ დავინახე, დავიყვირე: ვაი, შეხედეთ-მეთქი! და თითი გავიშვირე. შენ მერეღა მოირბინე.
- სოკო მე მოვწყვიტე, - თავისას გაიძახოდა ელენკა.
- იმიტომ, რომ შენ ახლოს იდექი. დანახვით კი ჯერ მე დავინახე.
ელენკა გაცეცხლდა, დააგდო სოკო და ზედ ფეხებით შესდგა.
მაგრამ იმწამსვე მიხვდა, რომ ცუდად მოიქცა, შერცხვა და ტირილი მორთო.
„რა უცნაურები არიან ეს გოგოები, - გაიფიქრა მათიუშმა, - სოკო თვითონ გასრისა და თვითონვე ტირის“.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი