მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #20)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #20)

მთელ ორ კვირას მათიუშს არაფერი გაუკეთებია, სულ თამაშობდა. ყველა გართობა-თამაშის წამომწყები და მომგონი კლუ-კლუ იყო. ხან სანადიროდ დადიოდნენ, ხან სამხედრო ლაშქრობებს აწყობდნენ. კლუ-კლუ ხის ტოტებით შესანიშნავ ქოხს დგამდა და სხვებსაც ასწავლა, როგორ უნდა დაედგათ. პირველ ხანებში კლუ-კლუს ფეხსაცმლით სიარული უჭირდა.
- ეს რა ველური წესი გაქვთ, - ჩიოდა კლუ-კლუ, - ფეხზე ტანისამოსი გაცვიათ და დადიხართ!
კაბებიც აცოფებდა.
- კლუ-კლუ, შენ ყველა სოფლელ ბიჭზე უკეთესად დაძვრები ხეებზე. მათიუშსა და ფელეკს ხომ სჯობნი და სჯობნი.
ერთხელ ბავშვებმა დაინახეს, როგორ გადახტა ციყვი ხიდან ხეზე და, ძალიან გაუკვირდათ.
- ეგ რა არის, მასე ხომ მეც გადავხტები, - ფიცხლად თქვა კლუ-კლუმ, ვიდრე მათიუში, სტასეკი და ელენკა მოიაზრებდნენ, რას აპირებდა, კაბა და სანდლები გაიძრო, ხეზე აცოცდა და ციყვთან გადახტა. ციყვმა სხვა ტოტზე ისკუპა. კლუ-კლუმაც ისკუპა. ციყვი ხიდან ხეზე გადახტა. ბავშვებს გული უსკდებოდათ, ეგონათ, კლუ-კლუ ჩამოვარდებოდა და მიწაზე დაენარცხებოდა, მაგრამ კლუ-კლუ მარჯვედ ჩამოეკიდებოდა ხოლმე ტოტზე, გაქანდებოდა, თითქოს საქანელააო, და ახლა სხვა ტოტზე ჩამოეკიდებოდა. ბოლოს ისკუპა და ციყვი დაიჭირა.

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი