მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #16)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #16)

უცხოეთის მეფეებმა მეფე მათიუშს წერილი გამოუგზავნეს. სწერდნენ: ძალიან გთხოვთ, ჩვენს სახელმწიფოში გვესტუმროთ. გთხოვთ, კაპიტანი, ექიმი, სტასეკი და ელენკაც თან იახლოთო.
მათიუში სიხარულით ცას ეწია. აქამდე უცხოეთის ერთ ქალაქში იყო ნამყოფი, ისიც ომის დროს. ახლა კი სამი ქვეყნის დედაქალაქი უნდა ენახა, სამი მეფის სასახლე და ბაღები უნდა დაეთვალიერებინა. ძალიან უნდოდა გაეგო, ამ მეფეებს როგორ ჰქონდათ სახელმწიფო მოწყობილი. ამბობდნენ, ერთ დედაქალაქში ისეთი შესანიშნავი ზოოლოგიური პარკი აქვთ, რა მხეცი გინდა, რომ იქ არ ჰყავდეთ, ქვეყნიერების ყოველი კუთხიდან მიჰყავთო. მეორე დედაქალაქში თურმე ერთი იმოდენა სახლი დგას, თავით ზეცას სწვდებაო. მესამეში კი ისეთი მაღაზიები ყოფილა და ამ მაღაზიებს ისეთი ლამაზი ვიტრინები  ჰქონია, მთელ წელიწადს რომ უყურო, არ მოგბეზრდებაო.
სასახლეში ყველას შურდა, რომ მათიუში ასე შორს უნდა გამგზავრებულიყო. უკვე დაიწყეს სკივრების ჩალაგება. მკერავებს ახალი ტანსაცმელი მოჰქონდათ. მეწაღეები ახალ ფეხსაცმელს მოარბენინებდნენ. ცერემონმაისტერი დაქროდა ზევით-ქვევით, არაფერი დაგვავიწყდესო. ელენკა და სტასეკი სიხარულისგან ფეხზე აღარ იდგნენ.
ბოლოს, როგორც იქნა, მოვიდა ორი ავტომანქანა. ერთში მათიუშ მეფე და კაპიტანი ჩასხდნენ, მეორეში - ექიმი, ელენკა და სტასეკი. რკინიგზის სადგურისკენ მიმავლებს ქალაქის მცხოვრებლები მისალმების შეძახილებით აცილებდნენ. 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი