მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #16)

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #16)

შემოდგომაც დადგა, რობინი პატარა განაკაფში მიდიოდა ჩაფიქრებული. უცებ ტყიდან გაცოფებული ხარირემი გამოვარდა და პირდაპირ რობინისკენ გამოქანდა. ეს ისე უცებ მოხდა, რომ რობინმა მშვილდის გადმოღებაც ვერ მოასწრო. განზე გაიხედა და ის იყო, მშვილდი უნდა მოეზიდა, რომ შეამჩნია, ირემი თითქოს გაქვავდა და ერთ ადგილს მიაშტერდა, ვიღაცის პატარა ხელმა ბუჩქები გასწია და პატარა პაჟი გამოვიდა. მერიენი იყო, ისევ ტყეში დაბრუნებულიყო!

ქალი გამოვიდა და ირმის პირდაპირ აღმოჩნდა. რობინმა ისარი ვეღარ სტყორცნა, შეეშინდა, ქალს მოხვდებაო. გაცოფებული ნადირი ახლა მერიენისკენ გაქანდა. ისე მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ქალისთვის, რომ ვეღარაფერი მოახერხა. ის იყო ნადირი უნდა დასტაკებოდა, რომ იგი გვერდზე გახტა, მაგრამ რქა ოდნავ მაინც შეეხო და დაეცა. ნადირი ისევე მისკენ შემობრუნდა. გაფითრებული და დაბნეული მერიენი ცდილობდა, ამდგარიყო და ხმალი ამოეღო.

- არ ადგე, მერიენ! - იყვირა რობინმა და ქალიც უნებურად დაემორჩილა. სწორედ დროზე გაწვა მიწაზე. რობინის ისარმა ზედ თავთან გაუშხუილა და გაშმაგებულ ხარირემს შუბლი გაუპო.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: