მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #12)

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #12)

- აბა, თქვენი ბილეთები ! - დაიძახა კონდუქტორმა და ფანჯარაში შემოყო თავი.
მგზავრებმა დაუყოვნებლივ ამოაძვრინეს ბილეთები - დაახლოებით იმავე ზომის, რამხელებიც თვითონ იყვნენ. ამის გამო ვაგონი ისე გაიტენა, რომ შიგ თაგვი კუდს ვეღარ მოიქნევდა.
- ბალღო, შენი ბილეთი მაჩვენე, - დაუბღვირა კონდუქტორმა ელისს.
- ნუ ალოდინებ, ბალღო, - ერთად დასჭექა უცებ მრავალმა ხმამ (მომღერალთა გუნდივით არიანო, გაიფიქრა ელისმა), - იცი, რა ღირს მისი დრო, ათასი გირვანქა - ერთი წუთი!
- ვწუხვარ, მაგრამ ბილეთი არ მაქვს, - ჩაილაპარაკა შეშინებულმა გოგომ, - იქ, საიდანაც ახლა მოვდივარ, სალარო არსად იყო.
- და გუნდმაც იმავე წამს ერთხმად შესძახა:
- იქ, საიდანაც ახლა მოდიხარ, სალაროს დასადგმელად ადგილი არ მოიძევებოდა. იცი, რა ღირს აქ მიწა? ათასი გირვანქა - ერთი მტკაველი.
- მიზეზებს ნუ იგონებ, - გაუწყრა კონდუქტორი, - ბილეთი მემანქანისგან უნდა გეყიდა!
გუნდმა კი კვლავ ერთხმად დაიგუგუნა:
- მემანქანე ის კაცია, ვისაც ორთქლმავალი მიჰყავს. იცი, რა ღირს ამ ორთქლმავლის კვამლი? ათასი გირვანქა - ერთი ბოლქვი!
„სჯობს გავჩუმდე, - გაიფიქრა ელისმა, - რა აზრი აქვს ლაპარაკს“.
ასეც მოიქცა - კრინტი აღარ დაუძრავს. ამიტომაც არც გუნდი აჰყოლია.
კონდუქტორი კი მთელი ამ დროის მანძილზე გულმოდგინედ ათვალიერებდა გოგონას - ჯერ ტელესკოპით, შემდეგ მიკროსკოპით და ბოლოს - თეატრის ბინოკლით. 

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი