მეოთხე საფეხური
» ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #7)

ტომ სოიერის თავგადასავალი (ნაწყვეტი #7)

ორ წუთსაც არ გაევლო, რომ ტომმა გულიდან გადაიყარა დარდი. იმიტომ კი არა, რომ იგი ნაკლებად მძიმე და მტკივნეული იყო, ვიდრე მოზრდილი ადამიანების დარდი. არა, მთელ მის არსებას დაეუფლა რაღაც ახალი მისწრაფება, რამაც დაიმორჩილა ყველა დანარჩენი. სწორედ ასე ავიწყდებათ მოზრდილებსაც თავიანთი ჭირ-ვარამი, როცა რაიმე ახალი წამოწყების ხალისი შეიპყრობთ. საქმე ის იყო, რომ ტომმა ერთი ზანგისაგან რაღაც უცნაური სტევნა ისწავლა და დიდი ხანია ოცნებობდა თავისუფლად ევარჯიშა. ზანგი ჩიტების ჭიკჭიკს ბაძავდა, რისთვისაც დროგამოშვებით ენას სასას აბჯენდა. თუ მკითხველს ბავშვობაში გამოუცდია, ალბათ, გაახსენდება, როგორ ახერხებენ ასე სტვენას. გულისყურისა და მუყაითობის შემწეობით ტომი მალე მიხვდა ამ საიდუმლოებას და ახლა მხიარულად მიაბიჯებდა ქუჩაში. მისი ბაგენი მუსიკას აფრქვევდნენ, სული კი მადლიერების გრძნობით აღვსოდა. ის ვარსკვლავთმრიცხველს მოგაგონებდათ, რომელმაც ახალი მნათობი აღმოაჩინა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მისი სიხარული უფრო გულწრფელი და ძლიერი იყო.

ტომ სოიერის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: მარკ ტვენი