მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #10)

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #10)

ბაღის შესასვლელეთან ვარდის დიდი ბუჩქი იდგა. მას თეთრი ვარდები ესხა, მაგრამ ფუნჯმომარჯვებული სამი მებაღე აქეთ-იქიდან მისდგომოდა და დიდი გულმოდგინებით წითლად ღებავდა ყვავილებს. ელისი ძალიან გააკვირვა ამ სანახაობამ, შორიახლოს გაჩერდა და თვალთვალი დაუწყო, მერე ყური მოჰკრა ერთმა მებაღემ მეორეს რომ გადაულაპარაკა:
- ცოტა ფრთხილად, ხუთიანო! ნუ გამწუწე მაგ საღებავით!
- ჩემი ბრალი არ არის, შვიდიანმა წამკრა იდაყვში.
ამის გაგონებაზე შვიდიანმა მოიხედა და თქვა:
- ყოჩაღ, ხუთიანო, ასე უნდა, ყოველთვის სხვას გადააბრალე ხოლმე!
- შენ ის გირჩევნია, ენას კბილი დააჭირო! - გასძახა ხუთიანმა, - ჩემი ყურით გავიგონე, გუშინ დედოფალმა შენზე რომ თქვა, ეგ ღირსია თავი წავაგდებინოო.
- იცით, რას გეტყვით, ეს ისეთი უსამართლობაა, რომ... - დაიწყო მან, მაგრამ უცებ ენაზე იკბინა, რადგან შემთხვევით დაინახა ელისი, რომელიც შორიახლოს იდგა და თვალყურს ადევნებდა მათ.
- ბოდიში, - მორიდებით მიმართა ელისმა, - ხომ ვერ მეტყვით, რატომ ღებავთ წითლად ამ ვარდებს?
- იცით, რა, მის, საქმე ის გახლავთ, რომ აქ წითელი ვარდის ბუჩქი უნდა დაგვერგო, ჩვენ კი შეცდომით თეთრი დავრგეთ, ეს რომ დედოფალმა შეიტყოს, ყველას თავებს დაგვაყრევინებს.
ამ დროს ხუთიანმა, რომელიც შეშფოთებული იყურებოდა ბაღის სიღრმეში, დაიძახა:
- დედოფალი! 

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი