მეოთხე საფეხური
» რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #10)

რობინზონ კრუზო (ნაწყვეტი #10)

ვეებერთელა კედარი მოვჭერი. ოც დღეს ვცემდი ნაჯახს და ძლივს წავაქციე. ამის შემდეგ ერთი თვე მოვუნდი გამოთლას და ნავის ფორმის მიცემას, რომ წყალზე ტივტივი დაეწყო. დაახლოებით სამი თვე გულის ამოჭრამ წაიღო. მთელი ეს დრო თავაუღებლად ვმუშაობდი. ბოლოს მართლაც მშვენიერი ნავი გამოვიდა, დიდიც იყო - ასე ოცდაექვსი კაცი მოთავსდებოდა; მე და ჩემს ავლადიდებასაც, რა თქმა უნდა, თავისუფლად დაგვიტევდა.

ძლიერ გამიტაცა მუშაობამ და ძალიანაც აღმაფრთოვანა. მთელი ხისაგან გამოჭრილი ამოდენა კარჭაპი ჩემს დღეში არ მენახა. დადგა მისი ზღვაში შეტანის დრო.

რამდენი არ ვუტრიალე, რა არ მოვიგონე, რა განუსაზღვრელი შრომა არ გავწიე, მაგრამ ამაოდ: ნავის მითრევა სანაპირომდე ვერა და ვერ მოვახერხე, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ასიოდე იარდით ვიყავი დაშორებული ზღვას. მთავარი დაბრკოლება ის იყო, რომ ხესა და ზღვას შორის, ნაპირის გასწვრივ, ნიადაგი მაღლდებოდა და ბორცვს ქმნიდა.

მერე მანძილი გავზომე ზღვასა და ნავს შორის და გადავწყვიტე, არხი გამეყვანა: რაკი ნავის გადატანის იმედი დავკარგე, ვიფიქრე, ისევ წყალს შემოვიყვან და გავაცურებ მეთქი. ახლა ამ საქმეს შევუდექი. მაგრამ მიწის თხრა რომ დავიწყე და კარგად გავითვალისწინე, რა სიღრმე და სიგანე უნდა ჰქონოდა თხრილს, მივხვდი, რომ მხოლოდ მე ათ-თორმეტ წელიწადს მოვუნდებოდი არხის გაყვანას.

რობინზონ კრუზო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: დანიელ დეფო