მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #9)

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #9)

ამ დროს ტყის სიღრმიდან შველი გამოვიდა და  თავისი დიდრონი, სევდიანი თვალები მიაპყრო ელისს. შიში სულაც არ ეტყობოდა.
- თფუჩი! - დაუძახა გოგომ და მოსაფერებლად გაიწია. შველი ოდნავ უკან გახტა, გაჩერდა და ისევ მიაცქერდა ელისს.
- შენი სახელი მითხარი, - უთხრა შველმა ბოლოს.
ძალიან ნაზი და ალერსიანი ხმა ჰქონდა.
ეჰ, ნეტავი ვიცოდეო, გაიფიქრა საბრალო ელისმა და ნაღვლიანი ხმით უპასუხა:
- ამ წუთას სახელი არ გამაჩნია.
- სცადე, გაიხსენო, - უთხრა შველმა, - თორემ ასე არ ივარგებს...
- თუ შეიძლება, ჯერ თქვენ მითხარით, - სიტყვა ჩამოართვა გოგომ...
- კარგი, გეტყვი, ოღონდ ცოტა წინ გავიაროთ, ამ ადგილას ვერ ვიხსენებ.
ელისმა ნაზად მოჰხვია შველს ხელი ფაფუკ ყელზე და ისინი ერთად გაუყვნენ ბილიკს. ტყე რომ გაიარეს, კიდევ ერთ გაშლილ მინდორზე გავიდნენ. უეცრად შველი შეხტა, ღონივრად გაიქნია თავი და გოგონას ხელი ჩამოიცილა.
- მე შველი ვარ! - შესძახა სიხარულით, - შენ კი - ადამიანის ნაშიერი!
უცებ მის მშვენიერ, წაბლისფერ თვალებში შიშის ნაპერწკალმა გაიელვა. იმავე წამს შველი შურდულივით მოსწყდა ადგილს და გაუჩინარდა.
ელისი დადგა და სევდიანად გააყოლა თვალი. ლამის ატირდა, ისე დაენანა თავისი ლამაზი პატარა თანამგზავრის დაკარგვა.

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი