მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #13)

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #13)

იმ საღამოს ბერმა ტუკმა და მაჩმა მშვენიერი ვახშამი მოამზადეს და ამასობაში დაძმობილდნენ კიდეც. ტუკს ძალიან უხაროდა და ეამაყებოდა, შერვუდის ტყეში რომ შერიფის მზარეულს შეხვდა. შერიფის მზარეულობას ეხუმრები?! მაჩიც, თავის მხრივ, გაკვირვებული დარჩა ბერის ასეთი სიმარჯვითა და გამოცდილებით: დახელოვნებულ მზარეულსაც კი შეშურდებოდა მისი ცოდნა და ოსტატობა. ისეთი დიდებული სუფრა გაიშალა, რომ რობინსა და მის ვაჟკაცებს ასე გემრიელად, მგონი, თავის დღეში არ უვახშმიათ.

რობინი ძალიან გამხიარულდა და ნავახშმევს ტყეში გავლა გადაწყვიტა. ისეთ გუნებაზე დადგა, პირველი შემხვედრი არც კი გაუჩერებია. ჩვეულება ჰქონდა, პირველი შემხვედრი უსათუოდ უნდა გაეჩერებინა და შებრძოლებოდა.

პირიქით, სიმღერა რომ გაიგონა, ხეს ამოეფარა და იქიდან დაუწყო თვალთვალი. წითელ ტანისამოსში გამოწყობილ ვაჟკაცს ხელში ჩანგი ეჭირა და მხიარულ, სასიყვარულო სიმღერას მღეროდა. მოხეტიალე მომღერალს გავდა. ეტყობოდა, იომენი იყო. კეთილშობილი გარეგნობა და ტკბილი, სასიამოვნო ხმა ჰქონდა. ამ სიმღერამ რობინს მერიენი გაახსენა და მომღერალი აღარ გაუჩერებია. „ამაღამ ვერ შევაწუხებ ახლაგაზრდა შეყვარებულს", - გაიფიქრა მან.

მერე მეგობართან დაბრუნდა და მომღერლის ამბავი უამბო.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: