მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #8)

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #8)

ერთი რამ თვალსაჩინოდ ჩანდა: ამ საქმეში თეთრი კნუტის თათი არ ერია და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შავი კნუტის ბრალი იყო. თეთრ კნუტს ხომ ოცი წუთია, დედა კატა ბანდა პირს.
დინას კი შვილების პირის ბანის ასეთი ხერხი ჰქონდა: ცალ თათს ყურთან ჩაავლებდა ხოლმე კნუტს და თავს დაბლა დააწევინებდა. მეორე თათს კი ცხვირ-პირზე უსვამდა, თანაც - ბეწვის ზრდის საპირისპირო მიმართულებით. აი, ახლაც, როგორც უკვე გითხარით, დედა საგულდაგულოდ წმენდდა თეთრ კნუტს, რომელიც გატრუნული იწვა და შიგადაშიგ წაიკრუტუნებდა კიდეც.
შავი კნუტი კი შუადღისათვის უკვე დაბანილ-გალოკილი და თავისუფალი გახლდათ; ჰოდა, იმ დროს, როცა ძილ-ღვიძილში მყოფი ელისი დიდი სავარძლის კუთხეში ფეხმოკეცვით მოკალათებულიყო და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა, ციციმ (ასე ერქვა შავ კნუტს) ერთი ამბავი აუტეხა შალის ძაფის გორგალს, რომლის დახვევასაც გოგონა დილიდან მოყოლებული ცდილობდა, და იმდენ ხანს აბურთავა ბუხრის წინ დაგებულ ნოხზე, რომ სულ მთლად დაშალა.
- ოჰ, შე საძაგელო პატარა ეშმაკუნა! - დაუტატანა ელისმა, - ნუთუ, დინამ არ გასწავლა წესიერად მოქცევა? უნდა გესწავლებინა, დინა, უნდა გესწავლებინა, - უსაყვედურა დედა კატას, რაც შეეძლო მკაცრი გამომეტყველებით.

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი