მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #8)

პიტერ პენი (ნაწყვეტი #8)

- თითქოს ზარები წკრიალებს, - თქვა ვენდიმ.
- ეს ძინია! ასეთია ფერიების ენა.
ხმა კომოდიდან ისმოდა. პიტერს სახე გაუბრწყინდა.
- ვენდი, - მხიარულად გადაუჩურჩულა პიტერმა, - დაუჯერებელია, მაგრამ მგონი უჯრაში ჩავკეტე!
პიტერმა საბრალო ფერია ტყვეობიდან გაათავისუფლა თუ არა, გაშმაგებული ძინი ოთახში ყურთასმენის წამღები ხმით აწკრიალდა.
- ასეთ რამეებს რატომ მეუბნები? - იწყინა პიტერმა, - ვიცი, დამნაშავე ვარ, მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა, რომ უჯრაში იყავი?
ვენდი პიტერს აღარ უსმენდა, მას ძალიან უნდოდა, ფერია კარგად დაენახა.
- ო, პიტერ, იქნებ სთხოვო, წუთით მაინც შეჩერდეს?
- ისინი თითქმის არასოდეს ჩერდებიან, - თქვა პიტერმა.
მაგრამ წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ ძინი დასასვენებლად გუგულიანი საათის თავზე ჩამოსკუპდა და ვენდიმ მოასწრო, თვალი შეევლო მისთვის.
- ძინ, - მოწიწებით დაიწყო პიტერმა, - ამ ქალბატონს ძალიან უნდა, რომ მისი ფერია გახდე. ძინიმ რაღაც ჩაიწკრიალა.
- პიტერ, მითხარი, რა გიპასუხა?
პიტერი იძულებული გახდა, ეთარგმნა: - ძინი ამბობს, რომ შენ საძაგელი გოგო ხარ და რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ფერიაა. საერთოდ... ვენდი, ძინი თავაზიანობით არ გამოირჩევა...
 - ძინი ჩვეულებრივი ფერიაა, - მოიბოდიშა პიტერმა, - „სპილენძის ზანზალაკი“ ჰქვია, რადგან ჩაიდნებისა და ქვაბების შემკეთებელია. მე კი ხან წკრიალას, ხან ძინის ვეძახი...

 

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი