მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #6)

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #6)

სახლის წინ ხის ქვეშ სუფრა იყო გაშლილი. მაგიდასთან მარტის კურდღელი და მექუდე ისხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ. მათ შორის იჯდა ჩაძინებული ძილისგუდა, რომელსაც მექუდე და კურდღელი მუთაქასავით იყენებდნენ, იდაყვებით დაყრდნობოდნენ და ისე საუბრობდნენ მის თავს ზემოთ.
„საბრალო ძილისგუდა, - გაიფიქრა ელისმა, - ალბათ რა მოუხერხებლად უნდა გრძნობდეს თავს. მაგრამ, რაკი სძინავს, ეტყობა, მისთვის სულ ერთია.“
სუფრა საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ სამივენი რატომღაც ერთ კუთხეში შეყუჟულიყვნენ.
- ადგილი აღარ არის! - შესძახეს ერთხმად ელისის დანახვაზე.
- ადგილის მეტი რა არის, - აღშფოთებით წამოიძახა ელისმა და მაგიდის თავში დიდ სავარძელზე მოკალათდა.
- ღვინო მიირთვი, - თავაზიანი ღიმილით შესთავაზა მარტის კურდღელმა.
ელისმა სუფრას გადახედა, მაგრამ ზედ ჩაის გარდა ვერაფერი ნახა.
- მე აქ ღვინოს ვერ ვხედავ, - შენიშნა გაკვირვებით.
- ვერ ხედავ და არც არის, - მიუგო მარტის კურდღელმა.
- მაშ, რატომ მთავაზობთ, ეგ რა ზრდილობაა!
- ის კი ზრდილობა იყო, დაუპატიჟებლად რომ მიუჯექი სუფრას? - არ დაუთმო მარტის კურდღელმა.
- არ ვიცოდი, თუ ეს თქვენი მაგიდა იყო. სუფრა ხომ სამ კაცზე გაცილებით მეტისთვის არის გაშლილი. 

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი