მეოთხე საფეხური
» რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #11)

რობინ ჰუდი (ნაწყვეტი #11)

მეოთხე დღეს პატარა ჯონი სადღაც გაქრა. ერთმა თქვა, დავინახე, ვიღაც მათხოვარს ელაპარაკებოდა, მაგრამ საით წავიდა, არ ვიციო. გავიდა კიდევ ორი დღე. რობინს პატარა ჯონის ერთგულებაში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ ეშინოდა, ვაითუ მეტყევეებს ჩაუვარდეს ხელშიო.

ბოლოს ვეღარ მოითმინა, მშვილდი და კაპარჭი აიღო და წასასვლელად მოემზადა.

- ნოტინგემში წავალ, ბიჭებო, - დაიბარა მან, - შერიფს მაინც დიდი ხანია ჩემი ნახვა სურს, ბარემ მივალ და პატარა ჯონის ამბავსაც ვკითხავ, იქნებ იცოდეს რამე.

რამდენიმე კაცი წამოხტა, ჩვენც გამოგყვებითო, მაგრამ რობინმა არ დაანება.

- ჩემი დარდი ნუ გექნებათ, მე და შერიფი დიდი მეგობრები ვართ, - თქვა მან სიცილით, - ტყის განაპირას იყავით, ქალაქის აღმოსავლეთ კარის პირდაპირ. იქნებ თქვენი დახმარება დამჭირდეს.

ესა თქვა და ნოტინგემის გზას დაადგა. მოსახვევთან ორთვალას დაეწია, კოფოზე ყასაბი წამომჯდარიყო, ცხენს მიაჩაქჩაქებდა და მხიარულად უსტვენდა.

რობინ ჰუდი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: