მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #5)

პიტერ პენი (ნაწყვეტი #5)

ჩიტები, რომლებსაც არაფერი ურჩევნიათ ზეცაში ნავარდს, მუდამ თან დაატარებენ ნაირ-ნაირ რუკებს. ქარიან კუთხეებსა და მოსახვევებში შესვენების დროს ამ რუკებს შლიან და გზის გაკვალვას ცდილობენ, მაგრამ „მარჯვნიდან მეორე შესახვევი და შემდეგ სულ პირდაპირ - განთიადამდე“, ასეთი მისამართი ჩიტებსაც კი დააბნევდა.

სიმართლე რომ ითქვას, ზღაპრული კუნძულის - „არაიყორას“ -  მისამართი არ არსებობდა. ყველაფერი პიტერ პენის ფანტაზიის ნაყოფი იყო. პირველ ხანებში პიტერის თანამგზავრებს ბრმად სჯეროდათ მისი. ისინი იმდენად იყვნენ აღფრთოვანებულნი ზეცაში ნავარდით, რომ ფიქრის დროც არ რჩებოდათ. გართულები იყვნენ მაღალ-მაღალი შენობების თვალიერებით, ვინ მოთვლის, მერამდენჯერ კრავდნენ კამარას ეკლესიის სამრეკლოების თავზე. ჯონმა და მაიკლმა სწრაფად ფრენაში შეჯიბრებაც კი გამართეს... გამარჯვება მაიკლს დარჩა.

ბავშვები კვლავ მიფრინავდნენ, სულ უფრო წინ და წინ. უკვე ზღვასაც მოექცნენ თავზე... ჯონის ანგარიშით, ეს მეორე ზღვა იყო და ღრუბლებში გატარებული მესამე ღამე. ღამეს დღე ცვლიდა, ბნელს - ნათელი; სითბო და სუსხიც ერთმანეთს ენაცვლებოდა... მათ საჭმელზე პიტერი ზრუნავდა. მათაც ისე მოსწონდათ პიტერის თვალთვალი, როდესაც ის მათთვის საკვების მოპოვებას ცდილობდა, რომ ხანდახან ატყუებდნენ კიდეც, გვშიაო.

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი