მეოთხე საფეხური
» ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #7)

ოლივერ ტვისტი (ნაწყვეტი #7)

უღიმღამო დილა თენდებოდა. ქარი გამეტებით უბერავდა, ქუჩაში კოკისპირული წვიმა ასხამდა, თუმცა გარიჟრაჟის მკრთალი შუქი ცას სულ ოდნავ მაინც ანათებდა.

ლონდონი ნელ-ნელა იღვიძებდა. ფურგონები ახლომახლო დასახლებებიდან სვენებ-სვენებით მოიწევდნენ ქალაქისკენ, ქუჩაზე დილიჟანსი მირახრახებდა. ლუდხანების კარები უკვე გაეღოთ. ბოსტნეულით დატვირთული ურმები და ვედროებგადაკიდებული მერძევეები ბაზრისკენ მიიჩქაროდნენ.

საიკსმა და ოლივერმა ლონდონის ცნობილ ხორცის ბაზარს, სმიტფილდს, მიაღწიეს. იქ უკვე დიდი ალიაქოთი და რუზრუზი იდგა. ღორების, ძროხების, ხარებისა და ცხვრების გრძელი რიგები; სოფლელები, ყასბები, მწყემსები, მოსამსახურე ბიჭები, ქურდბაცაცები, უსაქმურები და მაწანწალები - ყველა და ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. იყო ერთი ჯგლეთა, ერთმანეთში გზის გაკვლევა, ყვირილი და მოურიდებელი გინება. ოლივერი გაოცებული შეჰყურებდა ამ საოცარ სანახაობას.

- აბა, ახალგაზრდავ, არ მოდუნდე! უკვე შვიდი საათია, სწრაფად იარე, არ ჩამომრჩე! - გამოაფხიზლა საიკსმა.

ოლივერი ლამის ძუნძულზე გადავიდა, საიკსისთვის რომ აეწყო ფეხი.

ოლივერ ტვისტი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჩარლზ დიკენსი