მეოთხე საფეხური
» პიტერ პენი (ნაწყვეტი #4)

პიტერ პენი (ნაწყვეტი #4)

ბავშვები ერთად აგრძელებდნენ გზას. პიტერი მეგობრებს ასწავლიდა, როგორ უნდა გაწოლილიყვნენ ჰაერში, როდესაც გზაზე ქარიშხალი ამოვარდებოდა. ამის ცოდნა მათთვის აუცილებელი იყო, რადგან შესაძლებლობა ეძლეოდათ, მშვიდად დაეძინათ.
ალბათ, დიდხანს ინებივრებდნენ ღრუბლებში, ერთხელაც პიტერს ომახიანად რომ არ გამოეცხადებინა:
- აქ უნდა ჩავიდეთ!
საქმე ის იყო, რომ ისინი „არაიყორას“ ქვეყანას მიახლოებოდნენ. „არაიყორას“ გამოჩენა მარტო პიტერისა და ძინის დამსახურება როდი იყო... ზღაპრული კუნძული თვითონ მოცურავდა ბავშვებთან შესახვედრად. დიახ, თურმე მხოლოდ ამ გზით ყოფილა შესაძლებელი მისი ჯადოსნური სანაპიროს ხილვა...
- აი, უკვე გამოჩნდა კიდეც! -საზეიმო ხმით განაცხადა პიტერმა.
- სად, სად არის?
- იქით, საითკენაც ყველა ისარია მიმართული.
მართლაც, ათასობით ოქროს ისარი კუნძულისაკენ მიმავალ გზას მიუთითებდა. ბავშვების დახმარებას მზე ცდილობდა, სურდა, დარწმუნებულიყო, რომ პატარები აუცილებლად მიაღწევდნენ საოცნებო ნაპირს და შემდეგ უკვე მშვიდად დაუთმობდა ასპარეზს ღამეს. ვენდი, ჯონი და მაიკლი თითის წვერებზე იწეოდნენ, რათა კუნძული უკეთ დაენახათ. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოს, მათ მაშინვე იცნეს ზღაპრული ქვეყანა. ისეთი გრძნობა დაეუფლათ, რომ ოდესღაც იყვნენ ამ ჯადოსნურ სანაპიროზე და დიდი ხნის შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ.

პიტერ პენი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი