მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #1)

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #1)

ელისმა გაიგონა, რომ სადღაც ახლოს ვიღაცა წყალს ადგაფუნებდა. ელისმაც იქით გაცურა, უნდოდა ენახა, რა იყო. თურმე ეს ჩვეულებრივი თაგვი ყოფილიყო, რომელსაც მასავით ფეხი დასცურებოდა და წყალში ჩავარდნილიყო.
- ხომ არ გამოველაპარაკო ამ თაგვს, - გაიფიქრა ელისმა, - დღეს ყველაფერი ისე უჩვეულოა, რომ სულ არ გამიკვირდება, ლაპარაკი იცოდეს. ყოველ შემთხვევაში „ცდა ბედის მონახევრეა...“
და მან დაიწყო:
- ო, თაგვო! ხომ არ იცი, რა გზით შეიძლება დავაღწიო თავი ამ გუბეს? ძალიან დამღალა აქეთ-იქით ცურვამ, ო, თაგვო!
ელისი ფიქრობდა, თაგვს ალბათ სწორედ ასე უნდა მივმართოო.
თაგვმა გაკვირვებით შეხედა ელისს და თითქოს ცალი თვალიც კი ჩაუპაჭუნა; თუმცა არაფერი უთქვამს.
იქნებ ჩვენი ენა არ ესმის, - გაიფიქრა ელისმა, - მე მგონი ეს ფრანგი თაგვია.
ჰოდა კვლავ განაგრძო:
- où est ma chatte? (სად არის ჩემი კატა?)
თაგვი გველნაკბენივით ამოხტა წყლიდან და შიშისაგან მთელი სხეულით აცახცახდა.
- ოჰ, გთხოვთ, მაპატიოთ! - სასწრაფოდ იყვირა ელისმა, - სულ დამავიწყდა თქვენ რომ კატები არ გიყვართ.
- ძალიან მაინტერესებს ჩემს ადგილას შენ თუ გეყვარებოდა?!
- ალბათ არა, - წყნარად მიუგო ელისმა, რომელსაც გულით უნდოდა მისი დამშვიდება.

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი