მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #8)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #8)

ახლა გიამბობთ, რა მოხდა სასახლეში, როცა მეფე მათიუშის დაკარგვის ამბავი შეიტყვეს.
დილით მეფის საძინებელ დარბაზში მსახურთუხუცესი რომ შევიდა, თვალებს არ დაუჯერა: ფანჯარა გაფრიალებული იყო, ლოგინი - აწეწილ-დაწეწილი, მათიუში კი არსად ჩანდა.
ჭკვიანი კაცი იყო მეფის მსახური, საძინებელი დარბაზის კარი მაშინვე გასაღებით დაკეტა, გავარდა ცერემონმაისტერთან, გააღვიძა და ყურში ჩასჩურჩულა:
- ბატონო ცერემონმაისტერო, მეფე დაიკარგა.
ცერემონმაისტერმა ტელეფონით დაურეკა უფროს მინისტრს და სრულიად საიდუმლოდ აცნობა ეს ამბავი. ათი წუთიც არ გასულა, რომ სამი მანქანა მოგრიალდა:
უფროსი მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციის პრეფექტის.
- მეფე მოიტაცეს.
ცხადია, რომ მოიტაცეს, მეფის მოტაცება კი მხოლოდ მტერს სჭირდება. იმისთვის სჭირდება, რომ ჯარი გაიგებს, მეფე დაიკარგაო, თითსაც არ გაანძრევს, და მტერიც უბრძოლველად ჩაიგდებს ხელში დედაქალაქს.
- ბევრმა იცის, რომ მეფე დაიკარგა?
- არავინ  იცის.
- კიდევ კარგი!
- ახლა ის უნდა გამოვარკვიოთ, მათიუში ცოცხალი წაიყვანეს, თუ აქვე მოკლეს. ბატონო პოლიციის პრეფექტო, გამოიკვლიეთ ყველაფერი... ერთი საათის შემდეგ პასუხი მომახსენეთ.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი