მეოთხე საფეხური
» პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #10)

პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #10)

მისტერ ბელჩერს ჯიბეში ფული მუდამ გამოულევლად ედო. დილდილობით მისტერ პერკსთან ერთად რომს სვამდა, საღამოობით კი ტრაქტირში დაიარებოდა, ჩიბუხს აბოლებდა და ლოთობდა.
ისინი ღამღამობით კვირაში ორჯერ მიდიოდნენ სამუშაოდ და თან მუდამ სემი მიჰყავდათ. მათთან ერთად წასვლა სემს ძლიერ მოსწონდა. გამგზავრების წინ გემრიელად ავახშმებდნენ და ერთ ჭიქა რომსაც დაალევინებდნენ. ორივენი, მისტერ ბელჩერიცა და პერკსიც, სამუშაო ტანსაცმელს იცვამდნენ, თან საკვამურების საწმენდი მანქანა, ხელსაწყო-იარაღებიანი გრძელი ტომარა, ერთიც ცარიელი ტომარა, ფარანი და ერთი ბოთლი არაყი მიჰქონდათ. შინ ხან ორ საათზე ბრუნდებოდნენ, ხან - ოთხზედაც. სემი გვიყვებოდა, რომ ზოგჯერ მათი სამუშაო უკვე გაკეთებული ხვდებოდათ ან რაღაც მიზეზის გამო იმ საქმის გაკეთება არ ხერხდებოდა. მაშინ ისინი შინ ხელცარიელნი ბრუნდებოდნენ. როცა სამუშაო ჰქონდათ, ტომარა ჭვარტლით გატენილი მოჰქონდათ. მოვიდოდნენ თუ არა, სემს მაშინვე დასაძინებლად გაისტუმრებდნენ, თვითონ კი საჯინიბოში კიდევ დიდხანს ფუსფუსებდნენ, ალბათ მისტერ ბელჩერის ძვირფას წაბლას თუ დასტრიალებდნენ თავს.

პატარა მაწანწალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს გრინვუდი