მეოთხე საფეხური
» ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #7)

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი (ნაწყვეტი #7)

ლიტვაში ვიყავი. ერთ ჩემს მეგობარს ვეწვიე, რომელსაც გატაცებით უყვარდა ცხენები.

სტუმრების საჩვენებლად საუკეთესო ცხენი გამოიყვანა. უცებ ცხენმა აღვირი გაწყვიტა, ოთხი მეჯინიბე წააქცია და გიჟივით გაქანდა ეზოში.

შიშით ყველანი მიმოიფანტნენ.

მხოლოდ მე არ დავბნეულვარ.  

ერთი ნახტომით მოვევლე ცხენს ზემოდან და დავიმორჩილე. ამაყად შემოვიარე მთელი ეზო და უცებ მომინდა ჩემი ხელოვნება ქალებისთვისაც მეჩვენებინა, რომლებიც სუფრას უსხდნენ და ჩაის შეექცეოდნენ. გრიგალივით შევფრინდი სასადილო ოთახში.

ქალები პირველად ძალიან შეშინდნენ. ცხენი მაგიდაზე შევახტუნე და ისეთი ოსტატობით ავაცეკვე ჭიქებსა და თეფშებს შორის, რომ სულ პატარა ლამბაქიც კი არ გატეხილა.

ქალებს ეს ძალიან მოეწონათ. სიცილი და ტაშისცემა ატეხეს. ჩემი საკვირველი სიმარდით აღფრთოვანებულმა მეგობარმა მთხოვა, მისი შესანიშნავი ცხენი საჩუქრად მიმეღო.

ამ საჩუქრით მეტად ნასიამოვნები დავრჩი, რადგან ომში წასვლას ვაპირებდი და ასეთ ბედაურს კარგა ხანია ვეძებდი.  

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რუდოლფ რასპე