მეოთხე საფეხური
» პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #3)

პატარა მაწანწალა (ნაწყვეტი #3)

ერთ დილას, მაშინ სახლიდან ხუთი კვირის გამოქცეული ვიყავი, ბაზარში მეზობელს შევეჩეხე.

- აი, შე ცუღლუტო, გაები?! ახლავე მამაშენთან წაგიყვან! - შეჰყვირა მან.
უნდოდა დავეჭირე, მაგრამ ხელიდან დავუსხლტი. ამის შემდეგ უფრო ვფრთხილობდი, მეშინოდა, სადმე მამაჩემს არ შევფეთებოდი. ამხანაგებს დაწვრილებით ავუწერე მამაჩემის გარეგნობა და ისინიც გულმოდგინედ მეხმარებოდნენ.
მეორე დილით, შვიდ საათზე, მოულდიმ ორი მამაკაცი დამანახვა, ისინი ხილის რიგს მოჰყვებოდნენ. იმწამსვე ვიცანი: ერთი მათგანი ის კაცი იყო, გუშინ კინაღამ რომ დამიჭირა, მეორე კი - მამაჩემი... მამა ძალიან გაფითრებული იყო, ეტყობოდა, ღელავდა, ხელში მათრახი ეჭირა, ალბათ ვინმეს საგანგებოდ გამოართვა. მის შეხედვაზე მუხლები ამიკანკალდა, ტუჩებმა თრთოლა დამიწყო.
- რიპ, მიშველე, - ძლივსგასაგონად ამოვილუღლუღე და მეგობრის ზურგს ამოვეფარე. - ხედავ, როგორი გაბრაზებულია და რამსიგრძე მათრახი უჭირავს!
რიპსტონმა ცარიელ დახვავებულ კალათებში დამმალა, თვითონ ერთ გადმობრუნებულ ხოკერზე დაჯდა და ვითომც არაფერიაო, სტაფილოს ფხეკასა და ხრამუნს მოჰყვა. ცოტა ხანში მამაჩემიც მოვიდა.

პატარა მაწანწალა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯეიმს გრინვუდი