მეოთხე საფეხური
» ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #6)

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #6)

ზაფხულში მთელი ჩვენი ოჯახი ღამღამობით ვბანაობდით, რადგან დღე მზე ისე აცხუნებდა, რომ წყალი თითქმის ცხელი იყო და ოდნავადაც ვერ გაგრილდებოდი. მთვარე ამოვიდოდა თუ არა, ხეებს შორის მიმავალი გზით ხის ჭრიალა ნავმისადგომისაკენ გავემართებოდით და „ზღვის ძროხაში“ ჩავსხდებოდით. ლარი და პიტერი ერთ ნიჩაბს მიუსხდებოდნენ, მარგო და ლესლი - მეორეს, ხოლო მე და როჯერი ქიმისკენ წავიდოდით, რათა გზისთვის გვეთვალთვალა. ნაპირს გავუყვებოდით და დაახლოებით ნახევარ მილს რომ გავცურავდით, გამოჩნდებოდა პატარა, თეთრი ქვიშის ნაპირიანი ყურე, სადაც გლუვი, მზით გამთბარი, დასაჯდომად საამო ქვები ეყარა. ღუზაჩაშვებულ „ზღვის ძროხას“ ღრმა ადგილას დავტოვებდით, წყალში გადავხტებოდით და ვყვინთავდით. როდესაც დავიღლებოდით, ზანტად გავცურავდით ნაპირისაკენ, თბილ ქვებზე ვწვებოდით და ვარსკვლავებით მოჩითულ ცას შევცქეროდით. ნახევარ საათში საუბრის მოსმენა მბეზრდებოდა და ისევ წყალში ჩავდიოდი. ნება-ნება შევცურდებოდი, გულაღმა ამოვტრიალდებოდი, თბილ წყალზე გავწვებოდი და მთვარეს შევცქეროდი.

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯერალდ დარელი