მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #14)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #14)

მათიუშმა მხოლოდ საცდელად დაუსტვინა, ვისწავლე თუ არაო, და გაოცებისაგან კინაღამ გადაირია, როცა მის წინ ფელეკი გაიჭიმა.
- აქ საიდან გაჩნდი?
- მესერზე გადმოვძვერი.
 
სამეფო ბაღში ჟოლოს ბუჩქები იყო გაბარდული. მეგობრები სწორედ ამ ბუჩქებში დაიმალნენ, რომ მოელაპარაკათ, როგორ მოქცეულიყვნენ.
 
- მაშ ასე, ჩვენ ერთმანეთს ხშირ-ხშირად ვერ შევხვდებით: შეიძლება ეჭვი აიღონ და თვალთვალი დაგვიწყონ. თავი ისე უნდა მოვაჩვენოთ, ვითომ ერთმანეთს სულაც არ ვიცნობთ. წერილები ვწეროთ ხოლმე და გალავანზე დავდოთ. ამ საიდუმლო კორესპონდენციას გალავანზე რომ დადებთ, თქვენი მეფური უდიდებულესობა დაუსტვენს. მე მივალ და ყველაფერს წავიღებ.
- პასუხს რომ მოიტან, შენც დაუსტვენ, - გაუხარდა მათიუშს.
- მეფეს არ უსტვენენ, - ფიცხლად შეედავა ფელეკი, - პასუხს რომ მოვიტან, მე გუგულივით დავიძახებ. ოღონდ, შორიდან დავიძახებ გუ-გუს.
- ძალიან კარგი. კიდევ როდის მოხვალ?
ფელეკმა კარგა ხანს იფიქრა და ბოლოს უთხრა:
- უნებართვოდ აქ მოსვლა მე არ შემიძლია. მამაჩემი ოცმეთაურია და ძალიან გამჭრიახი თვალი აქვს. სამეფო ბაღის გალავანთან მიახლოების ნებასაც კი არ მაძლევს. ხშირ-ხშირად მაფრთხილებს, თავში ეშმაკი არ შეგიჯდეს და ალუბლისთვის სამეფო ბაღში არ გადაძვრეო. გახსოვდეს, შენ რომ სამეფო ბაღში დაგიჭირონ, ცოცხალი ვერ გადამირჩებიო.
 
მათიუში შეცბუნდა. რა საშინელებაა! წარმოგიდგენიათ? ჯერ ძლივს იშოვა მეგობარი და ახლა ამ მეგობარს მისი გულისთვის ტყავის გაძრობით ემუქრებოდნენ! 
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი