მეოთხე საფეხური
» ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #5)

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები (ნაწყვეტი #5)

მეორე სართულზე ერთი დიდი ოთახი მომცეს, რათა ჩემი ცხოველები იქ მყოლოდა. ამ ოთახში, რომელსაც მე ჩემს კაბინეტს ვეძახდი, ხოლო ჩვენები - სამხეცეს, ეთერისა და მეთილის სპირტის სასიამოვნო სუნი იდგა. აქ ვინახავდი საბუნებისმეტყველო წიგნებს, ჩემს დღიურს, მიკროსკოპს, საოპერაციო ინსტრუმენტებს, ბადეებს, საკოლექციო ჩანთებსა და სხვა მნიშვნელოვან ნივთებს. მუყაოს დიდ კოლოფებში ჩიტის კვერცხები, ხოჭოების, პეპლებისა და ნემსიყლაპიების კოლექციები ეწყო. ხოლო ზემოთ, თაროებზე გამწკრივებულ მეთილის სპირტით სავსე ბოთლებში სხვადასხვა საინტერესო ნიმუში ტივტივებდა. აქ იყო ოთხფეხა წიწილა, ნაირნაირი ხვლიკები და გველები, განვითარების სხვადასხვა სტადიაში მყოფი თავკომბალები, პატარა რვაფეხა, სამი პატარა ყავისფერი ვირთხა, პაწაწინა ახლად გამოჩეკილი კუ, რომელმაც ზამთარს ვერ გაუძლო. კედლები გემოვნებით იყო მორთული, ზოგან ფიქალის ფილაზე გაქვავებული თევზის ნაწილები ეკიდა, ერთგან ჩემი ფოტოსურათი, შიმპანზეს რომ ხელს ვართმევდი, ერთგან - ღამურას ფიტული.

ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯერალდ დარელი