მეოთხე საფეხური
» უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები (ნაწყვეტი #5)

ერთხელ ფილიფიონკა ზღვის პირას თავის უზარმაზარ ჭრელ ფარდაგს რეცხავდა. ზაფხულის თბილი, მშვიდი დღე იდგა. ფარდაგის გასარეცხად ზედგამოჭრილი ამინდი იყო. თვლემამორეული ზვირთები დუნედ მოიწევდნენ მოსახმარებლად, ფილიფიონკას წითელი ქუდის ირგვლივ კი რამდენიმე მწერი დაფრინავდა, რომელთაც ფილიფიონკა ყვავილი  ეგონათ.
„თქვენღა მაკლდით, - ფიქრობდა ფილიფიონკა, - მშვენივრად მესმის, რაც ხდება. კატასტროფის წინ ყოველთვის ასეთი სიმშვიდეა გამეფებული.“

წყალქვეშ, პრიალა მოწითალო ქვიშაზე, მზის ათინათები ცეკვავდნენ. ფილიფიონკა ფიქრებში ჩაეფლო: „ახალი ნარინჯისფერი ქუდი ხომ არ შევიძინო ან ძველზე ათინათები ხომ არ ამოვქარგო ოქროსფერი ძაფით? თუმცა, ამოქარგული ათინათები ვერ იმოძრავებენ. თანაც რა ბედენაა ახალი ქუდი, როცა ხიფათი კარზეა მომდგარი? ძველი ქუდის ტარებაც მშვენივრად შეიძლება...“

ფილიფიონკამ ფარდაგი ნაპირზე ამოათრია, ძირს გაფინა და სახემოღუშულმა ზედ გაიარ-გამოიარა, რათა წყალი ბოლომდე გამოეწურა.

უჩინარი ბავშვი და სხვა მოთხრობები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი