მეოთხე საფეხური
» კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #9)

კომეტა მუმინების ხეობაში (ნაწყვეტი #9)

მუმინტროლმა კიბე აიარა და კარი შეაღო. სადღაც შიგნით ზანზალაკმა გაიწკარუნა. ყველანი მაღაზიაში შევიდნენ, მხოლოდ ფრეკენ სნორკი იდგა გარეთ და ვერცხლის ბურთში თავის თავს ათვალიერებდა. მაღაზიაში, დახლს უკან, თაგვივით წვრილთვალება და თეთრთმიანი მოხუცი ქალი იჯდა. ქალმა მოსულები შეათვალიერა და გაიხარა:
- რამდენი ბავშვი მოსულა ერთად! აბა, რა გნებავთ?
- ლიმონათი, – არ დააყოვნა სნიფმა, – სასურველია, წითელი.
- ცალხაზიანი ან უჯრებიანი რვეული თუ გაქვთ? – ჰკითხა სნორკმა. ძალიან უნდოდა, რვეულში ჩაეწერა, როგორ უნდა მოიქცეს კაცი, როცა კომეტის ჩამოვარდნას ელოდება.
- რა თქმა უნდა, მაქვს, – მიუგო ქალმა, – ლურჯი რვეული გინდა?
- ოღონდ ლურჯი არა! – აიმრიზა სნორკი, – ლურჯი რვეულები პატარა სნორკებს აქვთ ხოლმე!
- ახალი შარვალი არ მაწყენდა, – გამოთქვა აზრი სნუსმუმრიკმა, – მაგრამ მთლად ახალი არ უნდა იყოს. თუ ტანსაცმელს ჩემი ფორმა არა აქვს, ვერაფრით ვეგუები.
- ახლავე მოგართმევთ, – ქალი გასაშლელ კიბეზე აძვრა და სხვენიდან ახალი შარვალი ჩამოიტანა.

კომეტა მუმინების ხეობაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ტუვე იანსონი