მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #1)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #1)

ერთხელ მათიუში თავის ექიმს შეევედრა, ითხოვე, ქალაქში ფეხით სეირნობის უფლება მომცენო. დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევდა, კვირაში ერთხელ მაინც გამასეირნე იმ ბაღში, სადაც სხვა ბავშვებიც თამაშობენო. ეუბნებოდა, ვიცი, რომ სამეფო ბაღში სეირნობა ძალიან კარგია, მაგრამ როცა კაცი მარტოდმარტოა, ყველაზე ლამაზ ბაღშიც კი მოეწყინებაო.
ბოლოს და ბოლოს, ექიმი შეჰპირდა, სურვილს შეგისრულებო და მინისტრთა თათბირზე ითხოვა, მათიუშ მეფისთვის ბაღში გასეირნების უფლება მიეცათ.
შეიძლება ცოტა გეუცნაუროთ კიდეც, რომ მეფეს არ შეუძლია, როცა სეირნობა მოუნდება, ადგეს და გაისეირნოს. 
მეფის ყველა გასეირნების წინ ორასი კაცი და ასი ქალი ძირისძირობამდე ასუფთავებდა და აკრიალებდა ბაღს: ჰგვიდნენ, სკამებს ღებავდნენ, ხეივნებში ოდეკოლონს ასხურებდნენ, ხეებზე და ფოთლებზე მტვერს წმენდდნენ. ექიმები გაფაციცებულები ადევნებდნენ თვალს, რომ ყველგან სისუფთავე ყოფილიყო, არსად მტვრის ნასახიც კი არ დარჩენილიყო - ჭუჭყი და მტვერი მავნებელია ჯანმრთელობისთვის. პოლიციას კი თვალი ეჭირა, მათიუშ მეფის სეირნობის დროს ბაღში ის ხულიგნები არ შესულიყვნენ, სულ ქვებს რომ ისვრიან, ხელს იკვრევინებიან, ჩხუბობენ და ყურისწამღებად ღრიალებენ.
მათიუშ მეფე ჩინებულად ერთობოდა. ჩაცმით უბრლოდ ეცვა და ვერავინ ხვდებოდა, რომ მეფე იყო: აზრადაც არავის მოსვლია, მეფეს შეუძლია, ჩვეულებრივ ბაღში გაისერნოსო. 
 
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი