მეოთხე საფეხური
» მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #5)

მეფე მათიუშ პირველი (ნაწყვეტი #5)

- კანონით, მეფის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ადის მისი უფროსი ვაჟიშვილი, ამიტომაც ეძახიან მას ტახტის მემკვიდრეს. - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
- კარგი, მაგრამ მეფის ვაჟიშვილი ხომ პატრა მათიუშია! იმან როგორ უნდა იმეფოს, ჯერ წერაც არ იცის! - მიუგო უფროსმა მინისტრმა.
- რას ვიზამთ, - უპასუხა იუსტიციის მინისტრმა. - ჩვენს სახელმწიფოში ასეთი ამბავი ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ესპანეთში, ბელგიასა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში ყოფილა შემთხვევა, როცა მეფე მომკვდარა, ტახტის მემკვიდრედ მცირეწლოვანი შვილი დარჩენია და სწორედ ეს ყმაწვილი გამეფებულა.
- მართალია, - დაუდასტურა ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრმა. - საფოსტო მარკებიც კი მინახავს, რომლებზეც ასეთი პატარა მეფის სურათებია გამოსახული.
- მაგრამ, ბატონებო, ხომ არ შეიძლება, რომ მეფემ არც წერა იცოდეს და არც ანგარიში, არც გეოგრაფია და არც გრამატიკა! - შეიცხადა განათლების მინისტრმა.
- მეც ასე ვფიქრობ, - მხარი აუბა ფინანსთა მინისტრმა. - როგორ უნდა იანგარიშოს, როგორ უნდა ბრძანოს, ამდენი და ამდენი ფული მოჭერითო, თუ გამრავლების ტაბულა არ ეცოდინება?
- ყველაზე სამწუხარო კი მაინც ის არის, რომ ასეთი პატარა მეფის არავის შეეშინდება, - შეფიქრიანდა სამხედრო მინისტრი. - როგორ უნდა მართოს ჯარისკაცები და გენერლები?
- მე მგონი, ჯარისკაცებს კი არა, ასეთი ერთი ბეწო მეფის არავისაც არ შეეშინდება, - დაეთანხმა სამხედრო მინისტრს შინაგან საქმეთა მინისტრი, - სულ გაუთავებელი გაფიცვები და აჯანყებები იქნება ჩვენს ქვეყანაში. იცოდეთ, კარგს არაფერს მოელოდეთ, თუ მათიუში დასვით მეფედ.
- მე არ ვიცი, მაშინ რა მოხდება, მაგრამ ის კი კარგად ვიცი, რომ, კანონის ძალით, მეფის სიკვდილის შემდეგ ტახტზე უნდა ავიდეს ძე მეფისა! - გაიმეორა სიბრაზისაგან ერთიანად აჭარხლებულმა იუსტიციის მინისტრმა.
- მაგრამ მათიუში ხომ ძალიან პატარააა! - ერთხმად იყვირეს მინისტრებმა.
ალბათ საშინელი ჩხუბიც ატყდებოდა, ამ დროს დარბაზში უცხოეთის ელჩი რომ არ შემოსულიყო.
 

მეფე მათიუშ პირველი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: იანუშ კორჩაკი