მეორე საფეხური
» ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

ბიძია რიმუსის ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

უცბად შემოესმა, რომ გზაზე ვიღაც მოდიოდა: თურმე დათვი ბრუნდებოდა ტყიდან - თაფლის საძებნელად ყოფილიყო წასული.

კურდღელმა გასძახა:

- როგორ ხარ, ძმობილო დათუნიაო?

დათვმა მიიხედ-მოიხედა, მაგრამ გარშემო არავინ იყო. კიდევ მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ კურდღელი ჰკიდია ტოტზე.

- გამარჯობა, ძმობილო! შენ როგორღა ხარო?

- ისე, არა მიშავს. გმადლობ, ძმობილოო, - უთხრა კურდღელმა.

- მანდ რას აკეთებო? - ეკითხება დათვი.

- ფულს ვშოულობ, ძმობილოო.

- როგორ შოულობ, ძმობილო კურდღელოო?

- საფრთხობელად დავუდექ ძამია მელიას. ცერცვის კვლებიდან ყვავებს ვაფრთხობ. შენ კი არ გინდა, ფული იშოვო, ძმობილოო?

- როგორ არ მინდა, ძმობილო კურდღელო! დიდი ოჯახი მაქვს, მიჭირს გამოკვებაო!

ბიძია რიმუსის ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯოელ ჰარისი