მეექვსე საფეხური
» ცირკი მირანდუსი (ნაწყვეტი #4)

ცირკი მირანდუსი (ნაწყვეტი #4)

არსებობს ჩვეულებრივი კარები და არსებობს განსაკუთრებული კარები. ისინი ზუსტად ერთნაირად გამოიყურებიან, ერთმანეთისგან მხოლოდ ის განასხვავებთ, რომ ერთნი, ვთქვათ, სასტუმრო ოთახიდან სამზარეულოში გაგიყვანენ, მეორენი კი გაცილებით შორს. ცირკ მირანდუსში მომუშავე პორტერი მეორეების ექსპერტი გახლდათ და სწორედ მისი წყალობით შეეძლოთ იქაურებს, საჭიროების ადგილას უსწრაფესად აღმოჩენილიყვნენ.

ჩიჩის რომ წესიერად ეთხოვა, პორტერი მისი მიმართულების ყველაზე შესაფერის, ახლო კარს გაუღებდა, მაგრამ უჯიათი ფრინველი იყო და პორტერს კარგად არ აუხსნა, საით მიფრინავდა. ამრიგად, ნაცვლად იმისა, რომ ტიტლების სახლისკენ მცირეხნიანი და სასიამოვნო ფრენით დამტკბარიყო, დიდი ქალაქის საკანალიზაციო ქსელში ამოყო თავი. გამწარებული გასასვლელს რომ ეძებდა, მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა თავში:

მაინც რა იყო ამ ეფრაიმ ტიტლში განსაკუთრებული?

როცა ეფრაიმ ტიტლი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, უფრო ზუსტად, ათი წლის, მამამისი ოკეანის გაღმა, ომში იბრძოდა. კაპრალი ტიტლი დღედაღამ იბრძოდა და ზოგჯერ დღე-ღამეს შორის არსებულ დროსაც. ეს დროის ის მონაკვეთია, რომლისთვისაც ადამიანებს სახელი ჯერ არ დაურქმევიათ. სახლში კი ეფრაიმის დედა ამდენივე დროს უთმობდა თავის სამუშაოს.

ასე რომ, ბიჭი უმეტეს დროს თავის ნებაზე ატარებდა.

შეიძლება უფროსებმა არ იცოდნენ, მაგრამ ათი წელი რთული ასაკია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ომია და როცა მშობლები ძალიან ხშირად ბედის ანაბარად გტოვებენ.

ეფრაიმს სკოლა არ უყვარდა, ამიტომ იქ თითქმის არ დადიოდა. მას ბევრად უკეთესი საქმეების კეთება შეეძლო. ყოველ დილას მამის ნაქონ ქუდს იხურავდა, ჭკვიანური შესახედაობა რომ ჰქონოდა. იმაში დარწმუნებული, რომ საკმაოდ მოზრდილად გამოიყურებოდა, სანაპიროსკენ მიუყვებოდა გზას.

მაშასადამე, ეფრაიმი ნორმალური ათი წლის ყმაწვილი იყო, რომელსაც საკმარისზე მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა. უყვარდა მზის სინათლე, ჟელეს კანფეტები და ყვითელქვიშიანი პლაჟები. მაგრამ მისი უხვნისლიანი სანაპირო იყო ყველაზე ახლოს იმ ზღვასთან, რომლის იქითაც ომი გაჩაღებულიყო, ანუ ყველაზე ახლო ადგილი მამასთან. და ამას, ცხადია, დიდი მნიშველობა ჰქონდა.

ეფრაიმს სანაპიროზე ყოველთვის მიჰქონდა ფურცელი და ფანქრები, სანაპიროს ხავსიან კლდეს ზურგით ეყრდნობოდა და მამას წერილებს სწერდა. ეფრაიმმა უამრავი წერილი დაწერა, რადგან ომი დიდხანს გაგრძელდა.

წერილებში სულ ასეთი რამეები ეწერა:

საყვარელო მამა,

იმედი მაქვს, ომში გმირულად იბრძვი, მშვიდობიანად ხარ და შინ უამრავი მედლით დაბრუნდები. და შენ იქნები მსოფლიოში უმამაცესი მამა.

დღეს სკოლაში არა ვარ, რადგან მარცხენა ფეხის ნეკა თითი მტკივა. სანაპიროზე ვარ. დედას მოწყენილი ხმა აქვს.

ჩემი აზრით, აჯობებდა, მალე დაბრუნებულიყავი.

დიდი სიყვარულით,

ეფრაიმი

თავის მხრივ, ეფრაიმის მამამ პასუხად თავისი ცოლ-შვილისთვის ერთადერთი წერილის გამოგზავნა მოახერხა. თუმცა, ამის გამო ბიჭს წერილების წერა არ შეუწყვეტია. მეტიც, ამ ხნის მანძილზე მას ეგონა, რომ მამას მისი წერილები არ მიუღია.

 

ცირკი მირანდუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ქესი ბიზლი