მეხუთე საფეხური
» იგავ-არაკები (ნაწყვეტი #4)

იგავ-არაკები (ნაწყვეტი #4)

ორი ძმა

 

იყო ორი ძმა. უფროსს ცოლ-შვილი ჰყავდა, უმცროსი კი უცოლო იყო. მალე ძმები გაიყარნენ. ყველაფერი გაიყვეს, რაც ჰქონდათ. მათ შორის ხორბალიც გაიყვეს, ერთის ორმო კალოს აქეთ იყო, მეორისა - იქით.

უფროსი თავისი ორმოდან პურს იპარავდა და ძმის ორმოში ყრიდა, თან ამბობდა:

- მე ღმერთმა ცოლ-შვილი მიბოძა, ოჯახის შემმატებელნი მყვანან. ჩემს ძმას კი არაფერი აქვს, ეს მისი იყოსო.

უმცროსი ძმა კი მოიპარავდა თავისი ორმოდან და უფროსის ორმოში ყრიდა:

- მე მარტო ვარ და ცოტა მჭირდება, ჩემს ძმას კი ოჯახი ჰყავს და მეტი სჭირდება.

ასე გაატარეს მთელი ცხოვრება და ღმერთმაც ბევრი მისცა, არ მოაკლო საზრდო.

 

ორმოში ჩაგდებული მეფე

 

ორი მეფე დაუპირისპირდა ერთმანეთს, ერთმა აჯობა მეორეს, შეიპყრო და ორმოში ჩააგდო.

გამოხდა ხანი. გამოიარა ერთმა ნაცნობმა კაცმა, მან მეფის ორმოდან ამოყვანა და გაპარება გადაწყვიტა, ჩასძახა ორმოში და უთხრა:

- კარგად მოვიქცევი, რომ გაგაპაროო?

მეფემ მადლობა გადაუხადა.

კაცმა მეფე თოკით ამოიყვანა და კიდევ უთხრა:

- კარგად მოვიქეცი, რომ ამოგიყვანეო?

მეფემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

კაცმა მესამედაც უთხრა:

- კარგად მოვიქეციო?

ეწყინა მეფეს და ხმამაღლა დაიძახა:

- ვინ ხართ, ამ კაცმა გამაპარაო!

მოცვივდნენ მცველები, შეიპყრეს ორივე და მეფეს ჰკითხეს:

- რატომ გაამჟღავნე და არ გაიპარეო?

მეფემ უპასუხა:

- სანამ ამომიყვანდა, ყვედრებით ამიკლო, სანამ შინ მივაღწევდი, დამახრჩობდაო. ამიტომ აქ ყოფნა ვარჩიეო.

იგავ-არაკები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი