მეხუთე საფეხური
» იგავ-არაკები (ნაწყვეტი #1)

იგავ-არაკები (ნაწყვეტი #1)

უსამართლო შირვან შაჰი

 

შირვანს ერთი უსამართლო და სასტიკი შაჰი მართავდა. სადაც მოჩივარს ნახავდა, მაშინვე თავიდან იშორებდა. ასე აოხრდა მთელი მისი სამეფო.

ერთ დღეს ერთი მოჩივრის მოკვლა ბრძანა,  კაცმა თავი იმართლა:

- მე მოსაკლავი კაცი არ ვარ, რადგან ყველა ფრინველისა და ცხოველის ენა ვიცი.

მეფეს მოეწონა იგი და აღარ მოკლა, ეგონა, კაცი მართალს ამბობდა, ვეზირს მიაბარა და უბრძანა: ამისგან შენ ისწავლე და მერე მე მასწავლეო!

ვეზირი მიხვდა, კაცმა სიცოცხლის გადასარჩენად რომ მოიფიქრა ენების ცოდნა და გაუშვა.

გავიდა დრო. ერთ ღამეს შაჰი ნადიმობდა. გაღმა მხრიდან ორი ჭოტის ხმა ისმოდა. მეფეს ენების მცოდნე კაცი მოაგონდა და ვეზირს ჰკითხა:

- ისწავლე იმ კაცისგან ფრინველთა ენა?

- ვისწავლე - უპასუხა ვეზირმა.

- რას ამბობენ ჭოტები? - დაინტერესდა შაჰი.

- ერთს ქალიშვილი ჰყავს, მეორე ვაჟისთვის თხოვს, ქალის პატრონი ეუბნება: თუ ჩემს ქალს შვიდ ნასოფლარს არ მოართმევ, პატარძალს არ გაჩვენებო.

ვაჟის მამა კი  პასუხობს:

- შენს ქალიშვილს რომ შვიდასი ნასოფლარი მოვართვა, დანარჩენი ექვსი შვილის საცოლეებს რა მივცეო?

რას დარდობ და დაღონებულხარ, თუ შირვან შაჰმა დიდხანს იცოცხლა, კიდევ ბევრს ააოხრებსო.

შაჰს ძალინ ეწყინა:

- ასეთი უსამართლო ვარო? - იკითხა მან.

-  ჭოტები ამას ამბობენ - უპასუხა ვეზირმა.

ამ დღის შემდეგ შაჰი მოწყალე შეიქმნა.

 

 

მეფე და მხატვარი

 

იყო ერთი ცალთვალა მეფე. ჰყავდა  ერთი სახელოვანი მხატვარი. მეფეს უნდოდა ამ მხატვრისთვის რამე მიზეზი ეპოვა და უბრძანა:

- ჩემი სახე უნდა დახატო!

მხატვარმა იფიქრა: ახლა კი მოვიდა ჩემი უკანასკნელი დღე, ბრმა რომ დავხატო, მომკლავს - როგორ მაკადრეო, ორი თვალით დავხატო და თავს მომჭრის, როდის არის ჩემი მსგავსიო.

იფიქრა მხატვარმა და ეს ხერხი მოიფიქრა: დახატა ირემი, მეფეს ხელში თოფი დააჭერინა, ბრმა თვალი დაუხუჭა და თოფი ირემს დაამიზნებინა. ნახატი მეფეს მიართვა.

მეფემ მიზეზი ვერაფერი უპოვა და ასე გადარჩა მხატვარი.

 


 

 

იგავ-არაკები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი