მეხუთე საფეხური
» განძის კუნძული (ნაწყვეტი #1)

განძის კუნძული (ნაწყვეტი #1)

მამაჩემს ფუნდუკი „ადმირალი ბენბოუ“ ჰქონდა. თითქოს გუშინ მოხდაო, ისე მახსოვს, როგორ დაბინავდა ჩვენს ჭერქვეშ მზით გარუჯული მოხუცი მეზღვაური. იგი ზორბა, ღონიერი, მაღალი კაცი იყო. ხელები კოჟრიანი და ნაჭრილობევი ჰქონდა; მახსოვს, როგორ ათვალიერებდა ყურეს და უსტვენდა თავისთვის.

კაცმა ჯოხით მოუკაკუნა კარს და როცა მამაჩემი გამოეგება, უკმეხად მოითხოვა ერთი ჭიქა რომი. ნელა სვამდა, საქმის მცოდნის იერით ნება-ნება უსინჯავდა გემოს, თან გარშემო კლდეებს ათვალიერებდა და ჩვენს აბრასაც ახედავდა ხოლმე.

-  მშვენიერი, მყუდრო ყურეა, - თქვა ბოლოს, - სამიკიტნოც ჩინებულ ადგილასაა. ძმობილო, ბევრი მუშტარი გყავს?

არა, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა მუშტარი მყავსო, უპასუხა მამაჩემმა.

-  ძალიანაც კარგი. ესე იგი, ეს იქნება ჩემი სადგომი, - თქვა მოხუცმა, - მე უბრალო კაცი გახლავარ, მარტო რომი, ლორი და კვერცხი მინდა და აგე, ის მწვერვალი, რომ იქიდან გემებს ვუთვალთვალო. როგორ უნდა მომმართოთ? შეგიძლია კაპიტანი დამიძახო. ოჰ, ვიცი, რაც გადარდებს ... აჰა! - და სამი თუ ოთხი ოქრო გადმოყარა ზღურბლზე, - მითხარი, როცა გამოგელევა! - დაამატა მკაცრად და ისეთი რისხვით გადმოგვხედა, თითქოს იქაურობის ბატონ-პატრონი ის ყოფილიყოს.

მართლაც, თუმცა ცუდი სამოსი ეცვა და ტლანქადაც ლაპარაკობდა, უბრალო მეზღვაურის იერი არ ჰქონდა. ბუნებით ძალიან ჩუმი კაცი გახლდათ. მთელ დღეს ჭოგრიტმომარჯვებული ყურეს გარშემო დაეხეტებოდა ან კლდეებზე დაფოფხავდა. საღამოობით სასტუმროს დარბაზის კუთხეში იჯდა ცეცხლის პირას. თუ ვინმე გამოელაპარაკებოდა, მეტწილად პასუხს არ აღირსებდა.

ყოველდღე, სეირნობიდან დაბრუნებული, იკითხავდა, გზაზე მეზღვაურს ხომ არ გაუვლიაო. თავდაპირველად გვეგონა, თავისიანები ენატრებოდა და ამიტომ კითხულობსო, მაგრამ ბოლოს შევამჩნიეთ, რომ პირიქით - სურდა მათთვის თავის არიდება.

ერთ დღეს გვერდით გამიხმო და დამპირდა: ყოველი თვის პირველ რიცხვში ვერცხლს მოგცემ, თუ ფხიზლად ადევნებ თვალს ცალფეხა მეზღვაურს და, რაწამს გამოჩნდება, მაშინვე შემატყობინებო.

თქმა არ უნდა, ის იდუმალი ცალფეხა პიროვნება ძილშიც არ მასვენებდა. ქარიშხლიან ღამეებში, როცა ქარი მთელ სახლს აზანზარებდა, ხოლო ზვირთები ყურეში ბორგავდა და კლდეებს ეხეთქებოდა, ცალფეხას აჩრდილი ათასნაირი ფორმით, ათასნაირი ეშმაკური გამოსახულებით წარმომიდგებოდა თვალწინ.

მაგრამ თუ ცალფეხა მეზღვაურის აჩრდილი ასე მაფრთხობდა, თვითონ კაპიტნის ყველაზე ნაკლებად მეშინოდა.

ფუნდუკში შეკრებილ ხალხს მოსწონდა სათავგადასავლო ამბების მოსმენა. ახალგაზრდები კი თითქოს თავყანს სცემდნენ, მას - „ნამდვილ ზღვის მგელს“, „ჭეშმარიტ ძველ მეზღვაურს“ და სხვა ამგვარ სახელებს ეძახდნენ; თან ამბობდნენ, ინგლისს ზღვაზე სწორედ ამისთანა ვაჟკაცებმა მოუპოვეს მრისხანე სახელიო.

განძის კუნძული

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი