მეოთხე საფეხური
» ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #11)

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში (ნაწყვეტი #11)

- შროშანო, - დაუძახა ელისმა ყვავილს, - როგორ გამიხარდებოდა, ყვავილებს ლაპარაკის უნარი რომ გქონოდათ!
- უნარი კი გვაქვს, შენ სურვილი იკითხე! - მომესმა პასუხად, - ლაპარაკი რომ მოგინდეს, ჯერ ისეთ ვინმეს უნდა შეხვდე, ვისთანაც ღირს დალაპარაკება.
ელისს ისე გაუკვირდა, რომ წუთით სუნთქვა შეეკრა და ენა ჩაუვარდა. ბოლოს გაბედა და ჩურჩულით ჰკითხა:
- აქ ყველა ყვავილს შეუძლია ლაპარაკი?
- დიახ, ისევე, როგორც შენ! - მიუგო შროშანმა, - თანაც ბევრად უფრო ხმამაღლა.
- უბრალოდ ჩვენში უზრდელობად ითვლება ლაპარაკის წამოწყება, - ჩაერია საუბარში ვარდიც, - ჰოდა, ველოდი, შენ როდის გამოგველაპარაკებოდი.
- არ გეშინიათ ხოლმე აქ სულ მარტოებს? თქვენ ხომ არავინ გიცავთ?
- როგორ თუ არავინ, - გაიკვირვა ვარდმა, - აბა, ეს თელა აქ რისთვისაა?!
- მაგას განა რა შეუძლია? - იკითხა ელისმა, - როგორ დაგიცავთ, თუ ვინმე, თქვენს გათელვას დააპირებს.
- ეგ იქით გადათელავს ყველას, ვინც ჩვენზე ფეხის აღმართვას დააპირებს, - მაგიტომაც ჰქვია თელა, რომ თელავს.
- რაო, არ იცოდი? - წამოიძახა მეორე ზიზილამაც. მათ დანარჩენებიც აჰყვნენ და ატყდა ერთი ყიყინი და გნიასი.
- აბა, ხმა ჩაიწყვიტეთ! - განრისხებით შეჰყვირა შროშანმა.
- ნუ აღელდებით, - სცადა ელისმა მისი დაშოშმინება, მერე ზიზილებს უჩურჩულა: - ახლავე გაჩუმდით, თორემ სუყველას დაგკრეფთ!
იმწამსვე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. რამდენიმე ვარდისფერი ზიზილა კი მიტკალივით გათეთრდა.
- ეგრე მოუხდებათ! - ჩაიბუზღუნა შროშანმა, - საკმარისია, ერთმა ხმა ამოიღოს და იმწამსვე ყველა ერთად აყაყანდება. მაგათ თუ ყურს ათხოვებ, ნამდვილად დაგაჭკნობენ!

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ლუის კეროლი